გაეროს მისია - არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აშშ-მა ირანში ომის დანაშაულები ჩაიდინა, თეირანმა კი - კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

ირანის საკითხებზე მომუშავე გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თებერვალში ირანში მდებარე სკოლასა და სპორტულ ობიექტზე განხორციელებული სამხედროდარტყმების უკან შეერთებული შტატები იდგა და რომ ეს ქმედებები ომის დანაშაულს წარმოადგენდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისიამ ასევე დაადგინა, რომ ირანის ხელისუფლებამ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისას, რასაც ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.

ირანის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მისიის ახალ ანგარიშში, რომელიც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნდა წარედგინოს, განხილულია აშშ-ის ქმედებები ირანთან კონფლიქტის პერიოდში და ირანის მთავრობის რეაგირება დეკემბრის ბოლოს დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე.

გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ქალაქ მინაბში მდებარე შაჯარეჰ თაიბეს დაწყებით სკოლაზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი აშშ-ის ძალები იყვნენ. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 120 სკოლის მოსწავლე.

მისია მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო განურჩეველი თავდასხმა, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულს წარმოადგენს.

გაეროს ექსპერტების განცხადებით, სკოლა სამოქალაქო ობიექტი იყო და მათ ვერ აღმოაჩინეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

ექსპერტები ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ ლამერდში მდებარე სპორტულ ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებითაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და სკოლა, დაიღუპა და დაშავდა 22 მშვიდობიანი მოქალაქე. დასკვნის თანახმად, დარტყმა განურჩეველი ხასიათისა იყო და, შესაბამისად, ომის დანაშაულს წარმოადგენდა.

ამასთან, გაეროს მისიის გამოძიებამ დაადგინა, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ირანის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმები განახორციელა; ეს ქმედებები მოიცავდა უკანონო მკვლელობებს, წამებას, თვითნებურ დაკავებებს, იძულებით გაუჩინარებებსა და გამოხატვის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებს.

გამოძიების თანახმად, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ მოხერხდა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 3 038 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 000 - დაშავდა.

გაეროს ფაქტების დამდგენი მისიები არის საგამოძიებო და არა სასამართლო ორგანოები, შესაბამისად, ისინი არ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს. თუმცა, მათი დასკვნები შესაძლოა სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში ეროვნულმა სასამართლოებმა ან საერთაშორისო ტრიბუნალებმა გამოიყენონ. სახელმწიფოები ანგარიშის დასკვნებს მას შემდეგ განიხილავენ, რაც მას ორშაბათს ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგენენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!