ასე უყურებენ საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგარზე უნდა მიართვან ევროკავშირის თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს - ასე უყურებენ ის უსამშობლო საქართველოს მოქალაქეები, რომლების მიზანიც არის, რომ როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა დავაკვირდეთ ჩვენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დიპლომატის გია ჯაფარიძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“.
პაპუაშვილის თქმით, ასე უყურებს ბრიუსელიც, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც სხედან მაგიდასთან.
„ასე უყურებენ საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგარზე უნდა მიართვან ევროკავშირის თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს. ეს არ არის წამოცდენა, ეს არის გამონათქვამი, რომ „თუ არ ზიხარ მაგიდასთან, ესე იგი ხარ მენიუში“, რაც გულისხმობს, რომ თუ არ ხარ თანასწორი და არ ხარ გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის, ესე იგი შენზე სხვები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ამ წამოცდენით მან ასევე გაიმეორა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდი ვისმენთ ბრიუსელის ზოგიერთი კომისრის, მათ შორის, კომისარ მარტა კოსის მხრიდან - კანდიდატ ქვეყნებს უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ხალხს და უკრძალავენ MAGA-სთან ანუ ტრამპის იდეოლოგიურ საყრდენთან ურთიერთობას მაშინ, როდესაც თავად ურთიერთობენ. ანუ ჰგონიათ, რომ თავად არიან ჩვენი მეურვეები და ჩვენ არ გვყოფნის მოწიფულობა იმისთვის, რომ ჩვენ განვსაზღვროთ, ვისთან გვქონდეს ურთიერთობა. ასევე გაცხადებულია იდეა, რომ ახალი წევრების მიღების შემთხვევაშიც, ისინი იყვნენ მეორე კლასის წევრები, რომლებსაც ექნებათ ნაკლები უფლებები, ვეტოს უფლება არ ექნებათ და ა.შ, ანუ იქნებიან „მენიუში“.
დღეს სამწუხაროდ, ასე უყურებს ბრიუსელი, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც სხედან მაგიდასთან. ასე უყურებენ ის უსამშობლო საქართველოს მოქალაქეები, რომლების მიზანიც არის, რომ როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა დავაკვირდეთ ჩვენ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რომ „ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით ძალიან დიდი ხანია, აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, თუმცა ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ვიყოთ არა „მენიუში", არამედ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვისხდეთ მაგიდასთან".
„მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს",- განაცხადა ჯაფარიძემ.