შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე - ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს - აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს

ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი [„გახარია საქართველოსთვის] არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს აღიარებენ - აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ასაკრძალ პარტიათა სიაში დამატების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტია დამოუკიდებელი პარტია არ არის.

„გახარიას პარტია არ არის დამოუკიდებელი პარტია. ეს იყო იმ პროექტის ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ 2024 წელს არჩევნებზე, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალათ საქართველოში ხელისუფლება. ეს იყო სრულად, გარედან, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოთი დაგეგმილი და განხორციელებული ჰიბრიდული ჩარევა საქართველოს არჩევნებში, როდესაც შეეცადნენ, რომ შეექმნათ ისეთი ფლანგი თითქოს იყო რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლით და გახარიას უნდა შეესრულებინა როლი და ამას აკეთებდა კიდეც ის პარტიის დაფუძნების დღიდან, რომ შეხვედრებზე ჩუმად და ჩურჩულით ამბობდა, რომ „სინამდვილეში მე მართლა განდგომილი კი არ ვარ, სინამდვილეში მე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ვმოქმედებ“. მიზანი რა იყო, რომ დაბნეულიყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და მიეცა მისთვის ხმა. ეს ყველაფერი ჩავარდა იმ მხილებების შემდეგ, რა მოხდა გახარიასთან დაკავშირებით. ასევე, გამოაშკარავდა 2024 წლის არჩევნებზე, რომ ეს იყო შეთანხმებული პროექტი. არჩევნებამდე მიდიოდა კამპანია 4, 5, 9, 25 ანუ გვარამიას პარტია, სააკაშვილის პარტია, ხაზარაძის პარტია და გახარიას პარტია. რომ ეს ოთხი არის ერთი და იგივე. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა, გახსოვთ ხელიც მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე და ამბობდა, რომ ამ ოთხიდან მიეცით ხმა ნებისმიერს იმიტომ, რომ ამ ოთხიდან ვისაც არ უნდა მისცეთ ხმა ერთ მიზანს ემსახურება ყველა. მერე თავადვე დაადასტურეს, რომ იყვნენ გარიგებული ეს ოთხი პარტია საარჩევნო პერიოდში.

შემდეგ არ შემოვიდნენ პარლამენტში, ერთი წელი მათ საკუთარი მანდატი არ გამოიყენეს. შემოვიდნენ მხოლოდ 4 ოქტომბრის არ შემდგარი ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ეს განაცხადეს კიდევაც მათ, რომ შედიან იმიტომ, რომ ჩაიშალა 4 ოქტომბერი. შემოვიდნენ პარლამენტში და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ მივცემთ შანსს, რომ აღიარონ კონსტიტუციური წყობა მაგრამ ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს აღიარებენ. ასე, რომ ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენზე უკვე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.

მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!