ჩვენი ამოცანაა, ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების“ (SOC) პოლიტიკური ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები გააძლიერა.
პაპუაშვილის თქმით, ეს ფაქტი, რომ თითქოს, აღნიშნული ჯგუფი რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესებზე ზრუნავს, ფარისევლობაა.
„ერთ-ერთ კონფერენციაზე, არ მინდა შემეშალოს, ან კომისარი კოსი იყო, ან რომელიღაც კომისარი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მთავარი საკითხი არის რუსეთი. ამ განცხადების მთავარი მოტივატორი საკუთარი ანგარიშია, რომელიც მათ რუსეთთან აქვთ, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. როდესაც ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ PACE-ს ამ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ქართველი ხალხის არჩევანს არ აღიარებენ და ამით ლახავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ახლა ვითომ, რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესებზე ზრუნავენ, ეს არის სწორედ ფარისევლობა. მათ ჩვენ კი არ ვაინტერესებთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამო კი არ ზრუნავენ, ისინი ჩვენს თემას იმისთვის იყენებენ, რომ საკუთარი ანგარიშები გაასწორონ რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინას იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი ანგარიშები გაასწორონ რუსეთთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზეც.
„არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი აფხაზეთი და.აშ. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ რუსეთი ორივე ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, რაც გულისხმობს, რომ რუსეთს აქვს ეს ორივე ტერიტორია ოკუპირებული. შესაბამისად, ორივე ტერიტორიაზე ხელისუფლებას რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. სხვა დანარჩენს აქ შინაარსი და დატვირთვა არ აქვს, დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულად ხელისუფლებას რუსეთის ფედერაცია ახორციელებს.
ჩვენი ამოცანაა, ეს ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს. ეს არის მათ შორის, მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზე. აღიარება იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ყველა ეს ბარიერი მოიხსნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების” (SOC) პოლიტიკური ჯგუფის განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები გააძლიერა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ და მიუღებელ დარღვევას, რაც მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას ისახავს.