აკაკი ბობოხიძე - ოპოზიციას მეათედიც კი არ გაუკეთებია იმის, რაც ხელისუფლებაზე რეალურ ზეწოლას სჭირდება, ხოლო რაც საზოგადოებაში ხდება, ეს დაღლილობა არ არის, უფრო იმედგაცრუება, მოლოდინის არქონაა - ამას იწვევს ოპოზიციის მოუმზადებლობა

კრემლისთვის ფავორიტი კამბოლოვია და დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს, თუმცა ამის იქით რაიმე პროცესის განვითარებას, ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების თვალსაზრისით, არ ველოდები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

როგორც პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, აფხაზებისა და ოსების დასაცინი გავხდით“.

„საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებების გამო დასაცინი გავხდით ოსებისგანაც და აფხაზებისგანაც. კამბოლოვმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი არ არის მზად და არ შედის მის ინტერესებში საქართველოსთან საზღვრების გახსნა“. ანუ, ხვდებით, რა დღეშია ქვეყანა ხელისუფლების მოქმედებების გამო? თურმე აქეთ სათხოვნელი და სახვეწარი უნდა გაგვიხდეს საზღვრების გახსნა და არანაირი ურთიერთობა არ სჭირდებათ თურმე.

„ქართული ოცნება“ რუსეთს საფრთხედ კი არ აღიქვამს, არამედ ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით მოკავშირედ მიიჩნევს. რუსეთის წარმატების გარეშე „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება. როდესაც ჩვენ უვიზო რეჟიმი დავუწესეთ რუსეთს, ჯერ ერთი, დავაწესეთ ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის და საქართველოში პრაქტიკულად ანტიპუტინისტები ჩამოდიოდნენ. ჩვენ გავხსენით საზღვარი, რათა მათ ენახათ, როგორი შეიძლება იყოს არასაბჭოთა ქვეყანა, როგორი შეიძლება იყოს ახალი საქართველო. გინახავთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსი, რომელიც მაღაზიაში პრეტენზიას გამოთქვამდა იმის გამო, რომ რუსულად არ უპასუხეს? დღეს საქართველოში რუსები ჩამოდიან არა როგორც უცხო ქვეყანაში, არამედ როგორც საკუთარ სახლში, პრეტენზია აქვთ და ჩხუბობენ, "რატომ არ გვპასუხობთ რუსულადო". დღეს ისინი საკუთარ სახლში მოდიან, მათთვის ეს სახლი კი „ქართულმა ოცნებამ“ აქცია“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება საქართველოში „რუსოფობიას“, რუსეთთან და რუსებთან სახელმწიფოთაშორის და ხალხთა შორის ურთიერთობებს, აკაკი ბობოხიძემ მიიჩნევს, რომ რადგან რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელია, იმას არ ნიშნავს, რომ რუსის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

„ცხინვალში და აფხაზეთში ელცინი და პუტინი ჩამოდიოდნენ საომრად ფიზიკურად? რუსი ხალხი არ იყო? უკრაინაში ომის დაწყების დროს რუსეთში ზეიმი რომ ჰქონდათ, ეს რუსი ხალხი არ იყო? ის ხალხი, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის და საშინელებებს სჩადის, რუსები არ არიან?

რუსი ხალხია სწორედ ის, რომელიც ზუსტად ასეთ პოლიტიკას დასაყრდენს აძლევს მონა, პროტესტის არმქონე და სხვა ქვეყნების გაუბედურებაზე ორიენტირებული. რუსებმა საკუთარი ქვეყანა საღორედ აქციეს და დღეს იქიდან გამოქცეულები, აქ ამკვიდრებენ თავიანთ წესებს, ანუ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანაც საღორედ აქციონ.

[აფხაზები] დაგვცინიან, გვეუბნებიან, რომ მათი მონები ვართ, რომ ეს ომში დამარცხებულის კონტრიბუციაა და უფასო დენი ეკუთვნით იმის გამო, რომ ომში დავმარცხდით. ბენზინი რომ შეგაქვს, ვინმე იძლევა იმის გარანტიას, რომ პირდაპირ ოკუპანტებთან არ მივა? საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ იდგმება. ის, რომ რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელია, იმას არ ნიშნავს, რომ რუსის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, აკაკი ბობოხიძემ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციას მეათედიც კი არ გაუკეთებია, რაც ხელისუფლებაზე რეალურ ზეწოლას სჭირდება.

„[საზოგადოებაში რაც ხდება] ეს დაღლილობა არ არის, უფრო იმედგაცრუებაა, მოლოდინის არქონა. ამას იწვევს ოპოზიციური სპექტრის მოუმზადებლობა, შეუთანხმებლობა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გავერთიანდეთ, ვერ ვთანხმდებით ისეთ საკითხებზეც, რომლებზეც განსხვავებული პოზიციები არ გვაქვს, რადგან პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ პოლიტიკური ამბიციები, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არასრულყოფილია ნებისმიერი გაერთიანება, თუმცა მათი მონაწილეობა პრობლემებს ქმნის, რადგან რიგ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ გაერთიანება მაინცდამაინც მათთან გაერთიანებას ნიშნავს. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა პარტიების გარეშე გააკეთოს საქმე და არც მიშა არ არის ამ ფორმაში. არსებობს პრობლემები ისეთი პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც, რომლებიც მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს [„თავისუფალი ხალხის პარტია“].

შედეგი არ მოიტანა არაღიარების პოლიტიკამ. ხალხს არ სჯერა, რომ რიგგარეშე არჩევნებს დავანიშვნინებთ. მეათედი არ გვაქვს გაკეთებული იმისა, რაც სჭირდება ხელისუფლებაზე რეალურ ზეწოლას, ჩვენ კი გვინდა, რომ უკვე გავლილი გზით მივიღოთ შედეგი, ეს გზა კი საკმარისი არ არის. ერთმანეთის გარეშე წარმატებულები ვერ ვიქნებით“,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!