შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე - მიზანია პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადასვლა - ნებისმიერი შეყოლა პოლიტიკური კომენტარებით ქმნის ნიადაგს, სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ განხილვაში გადავიდეს და არ მინდა, ამაში შევიდე

[გრიგოლ ლილუაშვილს] არ ვიცი, რა აქვს სათქმელი ან რა არ აქვს სათქმელი... სხვა ადამიანს რა აქვს სათქმელი და რა არ აქვს სათქმელი, ეს სხვა ადამიანმა იცის, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა, სუს-ის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული გრიგოლ ლილუაშვილიც ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად ალაპარაკდეს.

უფრო მანამდე კი, პაპუაშვილმა პასუხი გასცა კითხვას, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის წერილებს შეეხებოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე ჰკითხეს, არის თუ არა მოსალოდნელი, ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელზე, თორნიკე რიჟვაძეზეც ალაპარაკდეს.

„მისი გადასაწყვეტია, რა კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეს გარეთ, მედიასთან, თუ საზოგადოებასთან, რა სიხშირით და რა შინაარსით. მე გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, ეს არის სამართლებრივი პროცესი და თუ რაიმე კითხვები არსებობს, არსებობს სამართლებრივი კითხვები და თუ რამე კითხვას პასუხი სჭირდება, სჭირდება სამართლებრივი პასუხები. ვფიქრობ, არ არის სწორი სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, ამაში შესვლა თავად გულისხმობს ამ პროცესის მხარდაჭერას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ღარიბაშვილის წერილების შეწყვეტას და კითხვას: რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს - იმას, რომ სათქმელი აღარ აქვს, თუ ახალი ბრალით დააშინეს, პაპუაშვილი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

„კიდევ ერთხელ, როდის, რა ფორმით და რა შინაარსით ექნება კომუნიკაცია, მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა, ის ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკურ აქტორად, პაპუაშვილი არც ამ კითხვას სცემს კონკრეტულ პასუხს.

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან და მე მგონი, ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული, ვისაც ამ საქმის მიმართ ინტერესი აქვს სამართლებრივ პროცესზე, იმ კითხვებზე, რომელიც არსებობს და იმ პასუხებზე, რომელიც შესაძლოა, ამ კითხვებზე არსებობდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, პოლიტიკურად დასრულებულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარემ არც ამ კითხვაზე გასცა კონკრეტული პასუხი.

„ნებისმიერი შეყოლა პოლიტიკური კომენტარებით ვფიქრობ, რომ ქმნის ნიადაგს, სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ განხილვაში გადავიდეს, არ მინდა, ამაში შევიდე. ვფიქრობ, სწორედ, მიზანი არის პოლიტიკურ ჭრილში გადასვლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, შესაძლოა, თუ არა, სუს-ის ყოფილი უფროსიც ალაპარაკდეს.

„რა უნდა ვთქვა, თუკი რამე სათქმელი იქნებოდა, აქამდეც ითქმებოდა. ხედავთ, რომ მშვიდად ვაკვირდებით ამ პროცესებს, მშვიდად იმის კვალობაზე, როცა საქმე ეხება უმაღლესი თანამდებობის პირების მხილებას სხვადასხვა დანაშაულში, აქ რა თქმა უნდა, სიმშვიდე მხოლოდ პირობითია. ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც პოლიტიკაში დაბრუნდა საჯაროდ განაცხადა და ახსენა კორუფცია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა. ამ გამოსვლიდან, ერთ ან ორ თვეში, პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე ავირჩიეთ, რომელმაც ასევე მისი არჩევისას ისაუბრა, რომ კორუფცია იყო ის, რასაც ყურადღებას მიაქცევდა. მალევე ვიხილეთ რეაქცია და გადაწყვეტილებები. ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, რომ ყველა კორუფციული დანაშაული იყოს მხილებული“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ლილუაშვილი ალაპარაკდეს, პაპუაშვილი ასე პასუხობს:

„არ ვიცი რა აქვს სათქმელი, ან რა - არ აქვს სათქმელი... სხვა ადამიანს რა აქვს სათქმელი და რა - არ აქვს სათქმელი, ეს სხვა ადამიანმა იცის,

ჩვენ ვიცით ჩვენი თავის ამბავი და ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი, ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!