კომპანია Nestle-ს განცხადებით, საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა შესაძლო გზას განიხილავს მას შემდეგ, რაც კრემლმა გადაწყვიტა, კვების პროდუქტების მწარმოებელი შვეიცარული კომპანიის რუსულ ბიზნესზე კონტროლი დაემყარებინა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Nescafe-სა და KitKat-ის მწარმოებელმა კომპანიამ აღნიშნა, რომ ცნობად მიიღო რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით გამოცხადებული გადაწყვეტილება და ამჟამად არსებულ ვითარებას აფასებს.
„Nestle მზადაა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი უფლებების დასაცავად და ბიზნესოპერაციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად - ყველა დაინტერესებული მხარის და, განსაკუთრებით, თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით“, -ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Nestle-ს რუსეთში ექვსი საწარმო აქვს და დაახლოებით 7 000 თანამშრომელი ჰყავს. 2021 წელს - ბოლო წელს, როდესაც კომპანიამ მონაცემები გამოაქვეყნა - რუსეთში Nestle -ს გაყიდვების მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი (2.4 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა განკარგულებას შვეიცარიული კომპანია Nestlé-ს, ფრანგული კომპანია Auchan-ის რუსული აქტივების, ასევე FM Logistics-ის, Bati Logistics-ისა და Le Monlid LLC-ის (ყოფილი Leroy Merlin) აქტივების „დროებით მმართველობაში“ გადაცემის შესახებ. რუსული მედიის ინფორმაციით, აქტივებს, რომელთა ღირებულება დაახლოებით ერთი ტრილიონი რუბლია, მართავს L.E.V. Management-ი, მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი კრაიუშკინია. კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს და L.E.V. Management-ის იურიდიულ მისამართად მითითებულია არარსებული მოსკოვის მისამართი.
რუსეთმა 2022 წელს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უცხოური კომპანიების საკუთრებაში არსებულ აქტივებზე კონტროლი გაამკაცრა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2023 წელს ხელმოწერილი ბრძანებულება მოსკოვს უფლებამოსილებას აძლევს, აქტივები იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც რუსეთი „არამეგობრულად“ მიიჩნევს, დროებით მართვაში გადაიტანოს.