მამუკა გამყრელიძე - „გაპრეზიდენტების“ შემთხვევაში, მარატ კამბოლოვი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის რუსეთის სივრცეში ანექსირებას - ეს ძალიან დიდი ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება

თუ მარატ კამბოლოვი მოვა „პრეზიდენტად“, ალბათ, ეს ადამიანი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის სივრცეში ანექსირებას - ეს ძალიან დიდი საშიშროება და ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, რათა მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება, - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში და „ანტიანექსიური პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა მამუკა გამყრელიძემ ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს იდეა, როგორ დაიცავენ თავს რუსეთის იმ წნეხისგან, რომელიც მოსალოდნელია.

„მარატ კამბოლოვი არის პუტინის ადმინისტრაციის ლოიალური ადამიანი. ის გამოყენებული იქნება, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი იმ წნეხისთვის, რომელიც საქართველოზე უნდა განხორციელდეს.

რისთვის გამოიყენებენ ამ წნეხს, ეს მეორე საკითხია. თუ მარატ კამბოლოვი მოვა „პრეზიდენტად“, ალბათ, ეს ადამიანი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის სივრცეში ანექსირებას.

ეს ძალიან დიდი საშიშროებაა და ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, რომ მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება და ასე შემდეგ. თუნდაც, შეშინებისთვის ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისთვის, რომ აი, ჩვენ ანექსირებას გავაკეთებთ თუ იმას არ გააკეთებთ, რასაც ჩვენ მოვითხოვთ. საკმაოდ დიდი საფრთხეა. საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს იდეა, რაზე იქნება მზად, რისთვის და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს, იმისთვის, რომ ტერიტორიების ანექსირება არ მოხდეს რუსეთში. კრემლმა შეიძლება მოითხოვოს რკინიგზის გახსნა, დათმობები სანქციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ქართველმა ხალხმა, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს იდეა, როგორ დაიცავენ თავს რუსეთის იმ წნეხისგან, რომელიც მოსალოდნელია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გარდა აღნიშნული თემისა, მამუკა გამყრელიძემ, ევროკავშირის გაფართოებასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ, ევროპარლამენტში გამოსვლისას გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა. გამყრელიძის თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და თითქმის ბოლომდე მიყვანილი პროცესიდან თავი ამოაგლეჯინა ევროკავშირს“.

„მათაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოზე საუბარს, აზრი არ აქვს, ეს ადამიანები არ შემობრუნდებიანო. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, არ მიაქციოს ყურადღება არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს. საერთოდ, არსად ვართ. ვხედავთ, რომ „მდუღარე“ მსოფლიო გადანაწილების პროცესში, მუდმივად ახალი ალიანსები, კავშირები იქმნება, ყველა თავის გადარჩენას ცდილობს. აი, რუსეთიო და რუსეთს უნდიხარ?! არავის სჭირდება ზედმეტი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს - ჩინეთთან ურთიერთობებს, ასევე სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პირველად მონაცემებს იმის თაობაზე, რომ 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 219.5 მილიონი დოლარით, მამუკა გამყრელიძის შეფასებით, საქართველო რეალური ინვესტიციების გარეშე დარჩა და ნელ-ნელა უცხოური „შავი ფულის“ სამრეცხაოდ იქცევა.

„ჩემი შეგრძნებით, საქართველო ნელ-ნელა ხდება ფულის სამრეცხაო გარკვეული ქვეყნებისთვის, იქნებიან ეს არაბები თუ ჩინელები. ამის ხარჯზე სულდგმულობს დღეს ქვეყანა. არ ხდება ინვესტირება ინდუსტრიაში, არ ხდება ინვესტირება მაღალ ტექნოლოგიებში. ჩვენ ვერავისგან ვერაფერს ვიღებთ. ხედავთ, აგუგუნებულ ეკონომიკას? მე ვერ ვხედავ. მე ვხედავ, რომ საქართველოში ფული არის, ფულის მასა დიდია. საიდან არის ეს ფული? ეს, სავარაუდოდ, „შავი ფულია“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ამასთან, მამუკა გამყრელიძემ ირანულ ავიაკომპანიებზე აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საქართველოში ირანის ელჩის საპასუხო განცხადებაც შეაფასა.

მამუკა გამყრელიძის შეფასებით, მსგავსი რამ რომ ეთქვა გერმანიის ელჩს, ხელისუფლება ისეთ წივილ-კივილს ატეხდა რომ არ გაჩუმდებოდნენ, ირანის ელჩზე კი არაფერი უთქვამთ და „გაატარეს“.

„გამჭვირვალე მუქარაა. ირანი იმ მდგომარეობაშია, როდესაც გამოუშვა ბრჭყალები და ხმლებით არის შეიარაღებული და აქეთ-იქით იქნევს. ეს არ არის სწორი. ომში მყოფი ქვეყანაა და უნდა გავაკეთოთ ეს დაშვება. ასეთი რამ რომ ეთქვა, გერმანიის ელჩს, ხელისუფლება ისეთ წივილ-კივილს ატეხდა რომ არ გაჩუმდებოდნენ კვირები, ირანის ელჩზე არაფერი უთქვამთ, გაატარეს.

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დისტანცირებას დასავლეთისგან, მათ შორის, აშშ-გან. ვითომ მოძრაობა ჩინეთის მიმართ, არაბეთის მიმართ, ჩვენ ვიცით, რომ ირანი ჩინეთის ძალიან ახლო პარტნიორია ნავთობის მიწოდების თვალსაზრისით და რუსეთის, რომელთანაც ლოიალური დამოკიდებულება აქვთ. არ უნდათ არც რუსეთის გაღიზიანება, არც ჩინეთის, გლობალური სამხრეთის. საქართველო ნელი ნაბიჯებით მიიწევს გლობალური სამხრეთის მიმართულებით“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!