„ლელო“ - სოფელ მახოში 17 ოჯახი მამაპაპისეული მიწების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში 17 ოჯახი მამაპაპისეული მიწების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვს. ინფორმაციას „ძლიერი საქართველო - ლელო" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოალიციის წევრებმა დაარეგისტრირეს პეტიცია, რითაც იმ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, რომლის წინაშეც სოფელში მცხოვრები 17 ოჯახი უკვე წლებია დგას.

“ძლიერი საქართველო -ლელო” მოითხოვს დროულად გადაიხედოს აღნიშნული საქმეები, რათა მოქალაქეებს არ მოუწიოთ საკუთარი სოფლისა და მამაპაპისეული კერის დატოვება.

„ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესში, ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს მიაკუთვნეს, რის შედეგადაც ოჯახებს ამ მიწებით სარგებლობისა და მათი საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა შეეზღუდათ. ადგილობრივებმა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გაიარეს: მოამზადეს საკადასტრო ნახაზები, არაერთხელ მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწის გარეშე სოფელში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. მათი თქმით, თუ პრობლემა არ მოგვარდება, ისინი იძულებულნი გახდებიან დატოვონ მამაპაპისეული საცხოვრებელი ადგილები. „ძლიერი საქართველოს“ შეფასებით, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სოფლის გაძლიერებას, მოსახლეობის ადგილზე შენარჩუნებას და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მოქალაქეებს ისტორიულად გამოყენებული მიწების გარეშე ტოვებს. თითოეული მსგავსი შემთხვევა საჭიროებს სამართლიან, ინდივიდუალურ შესწავლასა და იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებიც ამ მიწებს ათწლეულების განმავლობაში კეთილსინდისიერად ფლობდნენ და ამუშავებდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კოალიციის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან 2 თვის წინ ჰქონდათ შეხვედრა, სადაც ადგილზე გაეცნენ თითოეული ოჯახის პრობლემას, მოისმინეს მოსახლეობის პრობლემები და გადაწყდა, რომ მომზადებულიყო პეტიცია, რომლის საფუძველზე, საკითხის შესწავლა დაევალებოდა ხელვაჩაურის მერიას შესაბამის ორგანოებთან ერთად. "ძლიერი საქართველო -ლელო" მოითხოვს დროულად გადაიხედოს აღნიშნული საქმეები, რათა მოქალაქეებს არ მოუწიოთ საკუთარი სოფლისა და მამაპაპისეული კერის დატოვება“, - აღნიშნულია "ძლიერი საქართველო -ლელოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!