გასული კვირის ბოლოდან უკრაინა ბელარუსში რეტრანსლატორების აქტიურ მოქმედებას აფიქსირებს, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსული დრონებისთვის სიგნალს აძლიერებენ, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
„ფაქტობრივად, გასული კვირის ბოლოდან ჩვენ ვაფიქსირებთ რეტრანსლატორების გააქტიურებას. ისინი აძლიერებენ სიგნალს რუსული დრონებისთვის, რომლებსაც მტერი ჩვენი დასავლეთ ოლქებისკენ მიმართავს. ეს რეტრანსლატორები განლაგებულია ბელარუსის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ანდრეი დემჩენკომ.
მისი თქმით, აღნიშნული რეტრანსლატორები აქტიურად მუშაობენ, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს, უკრაინის დასავლეთ ოლქებზე დარტყმები განახორციელოს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ როვნოს, ვოლინის და ლვოვის ოლქებზე რუსული დრონებით ბოლოდროინდელი თავდასხმები ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა.