ლონდონის პოლიტიკის გათვალისწინებით, რუსეთი იტოვებს უფლებას, თავდაცვის უფლების გამოყენებით საპასუხო ზომები მიიღოს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაერთიანებული სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დეინი დოლაკია სამინისტროში დაიბარეს, რათა მკაცრი პროტესტი გამოეხატათ ლონდონის მიერ კიევის რეჟიმისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა შეიარაღების სისტემების მიწოდების გაგრძელების გამო.
„განსაკუთრებით აღინიშნა, რომ იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რასაც გაერთიანებული სამეფო ატარებს, რუსული მხარე იტოვებს უფლებას, თავდაცვის უფლების განხორციელების ფარგლებში აუცილებელი საპასუხო ზომები მიიღოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, სიტუაციის შესაძლო შემდგომ არახელსაყრელ განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ლონდონს ეკისრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვმა მოითხოვა, რომ ბრიტანულმა მხარემ უარი თქვას ესკალაციის პოლიტიკაზე და საერთაშორისო ვალდებულებებს დაუბრუნდეს.
„ბრიტანულ მხარეს წარედგინა მოთხოვნა, უარი თქვას მის მიერ არჩეული ესკალაციის ხაზზე და თავისი ქმედებები საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრიტანელ დიპლომატს განუცხადეს, რომ „უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ბრიტანული სამხედრო ობიექტი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენება, ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს“.