როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ - მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, კონკრეტული კომპანიაა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების შესაბამის მომსახურებას.
„ზოგადად, კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას.
როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს მე წინ ვერ გავუსწრებ. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება. თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარი“,- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებში იყო პრობლემები და გამოწვევები, რის დასაძლევადაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების თვითმიზანი არ არის, ვინმეს რამე გადააბრალოს.
„რაც შეეხება ბაღებსა და სკოლებს, ჩვენი თვითმიზანი არ არის, ვინმეს, რამე გადავაბრალოთ. მე განვაცხადე, რომ იყო პრობლემები და გამოწვევები. ამ გამოწვევებისა და პრობლემების დასაძლევად, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. საბოლოოდ, მომავალში კორუფციის, პრობლემების გარეშე სწრაფი ტემპით უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის დაკავება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ ნუ მეკითხებით ნურავის დაჭერაზე, მით უმეტეს, რომ ჩემი საქმე არავის დაჭერა არ არის“.
ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.