ასეთი ტიპს განცხადებებიც, გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხის განხილვას.
ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი გზავნილები არის მნიშვნელოვანი.
„ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას. მათ შორის მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგაში და სტრასბურგში. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპს განცხადებებიც, გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ბუნებრივია, ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრობლემა, ეროვნული გამოწვევა და საჭიროა ძალიან მკაფიოდ სატანადო პოლიტიკის შენარჩუნება, „წითელი ხაზების“ შენარჩუნება და ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის ფედერაციას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.