ნუ მეკითხებით ნურავის დაჭერაზე, მით უმეტეს, რომ ჩემი საქმე არავის დაჭერა არ არის, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ხომ არ არის მოსალოდნელი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის დაკავება.
რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი თვითმიზანი არ არის, ვინმეს რამე გადააბრალონ.
„რაც შეეხება ბაღებსა და სკოლებს, ჩვენი თვითმიზანი არ არის, ვინმეს, რამე გადავაბრალოთ. მე განვაცხადე, რომ იყო პრობლემები და გამოწვევები. ამ გამოწვევებისა და პრობლემების დასაძლევად, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. საბოლოოდ, მომავალში კორუფციის, პრობლემების გარეშე სწრაფი ტემპით უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.