დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ლაშა ფარულავა საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აღნიშნავს, რომ „კახი კალაძე არა მხოლოდ კორუმპირებული და ქურდია, მისი უპასუხისმგებლობა უკვე ჩვენი შვილების ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის “.
„თბილისის სამედიცინო კლინიკები ივსება საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვებით. „ოცნება“ ბავშვებს ჯერ ულუფას ჰპარავდა და ახლა უვარგის საკვებს აჭმევს. კახი კალაძე არა მხოლოდ კორუმპირებული და ქურდია, მისი უპასუხისმგებლობა უკვე ჩვენი შვილების ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს და ფაქტობრივად, ბიოტერორისტად იქცა. დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. დაისაჯოს გურამ ოქროპირიძე, თბილისის ბაღების სააგენტოს დირექტორი, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, რომლის უპასუხისმგებლობამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. თბილისის 190 საბავშვო ბაგა-ბაღის სისტემაზე წლიურად 280 მილიონი ლარი იხარჯება. აქედან, უშუალოდ კვების ხარჯი, 215 800 000 ლარია. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო წლებში კვების პროდუქტების შესყიდვას თბილისის მერიის შესაბამისი უწყების ნაცვლად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, დღეს უკვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ახორციელებს. მომხდარზე პასუხისმგებელია როგორც თბილისის მერია, ისე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. ასეა, კორუფცია, უპასუხისმგებლობა და უცოდინარობა, სამწუხაროდ, წამლავს კიდეც“,-განაცხადა ფარულავამ.