როდესაც “ნამახვანჰესის“ პროექტი იხილებოდა, აგენტურა ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი იყო, დღეს აგენტურა დასუსტებულია და ხელისუფლება არის პრინციპულად გაძლიერებული - ამ პირობებში მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვერავინ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს, - ეს განცხადება დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძემ აქვე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჰესებისა და ზოგადად, ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს.
კობახიძის თქმით, მათი სურვილია, რომ 10-წლიან პერსპექტივაში გენერაცია 11 ათასს მეგავატამდე გაიზარდოს, რაც მისივე განაცხადებით, მრავალი ჰესის, ქარისა და მზის სადგურების მშენებლობას ნიშნავს.
“ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ კამპანია ორკესტრირებული იყო. ზოგადად, იცით, რომ ყველა ინვესტიციის წინააღმდეგ ასეთი ტიპის კამპანიებს აწარმოებდნენ. ჩვენ ჰესების და ზოგადად, ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გვაქვს. მთელი ჩვენი გენერაცია 4 ათასს 800 მეგავატია და გვინდა, რომ 10-წლიან პერსპექტივაში ეგ გენერაცია 11 ათასს მეგავატამდე გაიზარდოს. ეს მრავალი ჰესის, ქარისა და მზის სადგურების მშენებლობას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, თითოეულ პროექტთან დაკავშირებით ასეთი მცდელობები იქნება, თუმცა როდესაც “ნამახვანის“ პროექტი განიხილებოდა, მაშინ აგენტურა ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი იყო. დღეს აგენტურა პრინციპულად დასუსტებულია და ხელისუფლება და სახელმწიფო პრინციპულად არის გაძლიერებული. შესაბამისად, თუკი წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო, დღეს და ხვალ ასეთ კამპანიებს წარმატების არავითარი რესურსი არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, “ნამახვანჰესის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული იყვნენ “ენჯეოები“, მათ შორის საია, „იემსი“, კამპანია ორკესტრირებული და უცხოეთის გრანტებით დაფინანსებული იყო, რაშიც გულწრფელი ადამიანებიც ჩართეს“.
“ერთი მხარეს, არის უცხოური აგენტურა, რომელიც მაშინ უფრო მეტად ძლიერი იყო და მეორე მხარეს იყო ხელისუფლება, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო შედარებით სუსტი იყო. დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. მათ შორის ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რამაც აგენტურის დასუსტება და სახელმწიფოს გაძლიერება უზრუნველყო. ამ პირობებში მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვერავინ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს“, - განაცხადა კობახიძემ.