გივი მიქანაძე - 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო უალტერნატივო - მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაწყებულია საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის პროცესი. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შესაბამისი დასკვნის მიღებისას ნებისმიერ შემთხვევაში მყისიერად ახდენს რეაგირებას.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სწორედ ამიტომ, დავიწყეთ საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი სარემონტო სკოლები და საკითხი, რომელსაც სამომავლოდ ვერ გადავდებთ.

ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადაიჭრას საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა. ამ საკითხს განსაკუთრებული გულისყურით ვეკიდებით და ამ მიმართულებით გვექნება მყისიერი, კონკრეტული რეაგირება.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.

მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი დროებით გაგრძელდეს ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო.

მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.

პარალელურად, დაიწყება ყველა აუცილებელი პროცედურა თბილისის №21 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შენობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და ტექნიკური შეფასებების საფუძველზე იქნება მიღებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, რომლის ავარიულობის მიზეზით დღეიდან სასწავლო პროცესი ჩერდება, მშობლების აქცია გაიმართა. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება იყო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდებოდა. როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო რეჟიმი. თუმცა მისივე თქმით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!