რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმის არჩევნებში ხმა ონლაინ ფორმატში მისცა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პუტინმა ხმა კრემლში მდებარე თავისი ოფისიდან მისცა და ბიულეტენი კომპიუტერში შეავსო.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 18-20 სექტემბერს გაიმართება. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოსკოვის დროით 13:25 საათის მონაცემებით, აქტივობამ 10.09% შეადგინა.
რუსული მედიის ინფორმაციით, არჩევნების შედეგად რუსები 20 700 დეპუტატს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს აირჩევენ.
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ათი პარტია მონაწილეობს: „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია”, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია”, „მწვანეები“, „სამართლიანი რუსეთი“, „როდინა“, „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია”, „პენსიონერთა პარტია”, „რუსეთის კომუნისტები” და „ახალი ხალხი“. მათ, საერთო ჯამში, 4 500 კანდიდატი წარადგინეს.
პარლამენტში 450 ადგილია. ნახევარი გადანაწილდება ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ პარტიების სიების მიხედვით; დანარჩენი გამარჯვებულები ერთმანდატიან ოლქებში გამოვლინდებიან.