დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი , - ეს განცხადება სასამართლო სხდომიდან გათავისუფლების შემდეგ ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა.
როგორც პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.
მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც იყო ქართული საზოგადოებიდან, თუ უცხოეთიდან. ჩემს იქ ყოფნას ყველა განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდებოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას, ამიტომ, აუცილებლად მინდა, მოკითხვა შევუთვალო გლდანის ციხეში - D3 - ჩემი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ვიყავი - ყველას. ბიჭებს მოკითხვას ვუთვლი. ყველა მინდა გავამხნევეო, ვინც ციხეშია, ასაკის, სქესის მიუხედავად, ვინ, როდის, რისთვის მოხვდა. ყველას ჩემგან დიდი მოკითხვა.
მინდა, აუცილებლად დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც იშრომეს ძალიან ბევრი, ჩემს დარწმუნებაშიც სხვათა შორის. ჩემს ოჯახს დიდი მადლობა,რომელიც მხარში მედგა თითქმის სამი თვის განმავლობაში. ყველა ჩალიან მიყვარხართ, ყველას გეფერებით, გეხუტებით. ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად. მიყვარხართ, გეხუტებით. ახლა შეიძლება აზრები ისე ვერ დავალაგე,იმიტომ, რომ არ ველოდებოდი და მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება“- განაცხადა ჩახუნაშვილმა.
რაც შეეხება იმ პირებს,რომლებიც მასთან ერთად დააკავეს, თუ რა ექნება მათ მიმართ სათქმელი, მოუწოდებს თუ არა, რომ მათაც უნდა გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, გოგი ჩახუნაშვილი ასე პასუხობს:
„თავის საქმე თვითონ იციან. ყველამ იცის თავის საქმე. ყველა მოზრდილი ასაკისაა“ , - აღნიშნა ჩახუნაშვილმა.
4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 19 ივნისს დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 -5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ჩახუნაშვილი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გიორგი ჩახუნაშვილს სახელმწიფო ბრალდება ედავება ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასს და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.