ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი - 20 | BIAFF 20

2026 წლის 19-26 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მეოცედ გაიმართება. 8 დღის განმავლობაში ბათუმი კიდევ ერთხელ კინოს ქალაქად იქცევა და ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს.

ფესტივალი 19 სექტემბერს ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის „გურია“ ჩვენებით გაიხსნება. პრემიერას რეჟისორი და გადამღები ჯგუფის წევრები დაესწრებიან. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი პოლონელი რეჟისორი, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტი და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცემა.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს ექნება შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები. ამასთან, წელს პირველად ნორჩი მაყურებლისთვის ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული ანიმაციები, რაც ახალ თაობას ქართული ანიმაციის კლასიკასთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს. ასევე წელს პირველად კინოჩვენება დაგეგმილია ზღვის სანაპიროზე.

ფესტივალის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ფრანგი კინო და ტელე პროდიუსერი კრისტიან ბაუტე, ხოლო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ბულგარელი კინორეჟისორი და სცენარისტი სოფია ზორნიცა უხელმძღვანელებენ.

წელს ფესტივალს დაემატება ორი ახალი ჟიური - ქართველ კინო კრიტიკოსტთა ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზს

გადასცემს და ახალგაზრდული ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს გიორგი

გოგიბერიძის სახელობის პრიზით დააჯილდოებს.

22 სექტემბრიდან მუშაობას დაიწყებს ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“, სადაც წარადგენენ ქართველი კინემატოგრაფისტების რვა პროექტს. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მონაწილეები იმუშავებენ სცენარზე, პროექტების განვითარებასა და საერთაშორისო დაფინანსების სტრატეგიაზე.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი საიუბილეო წელს ახალი ინიციატივით ხვდება. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შეიქმნება ფესტივალის ხეივანი (BIAFF ALLEY), სადაც საპატიო სტუმრებს მიეცემათ საშუალება ბათუმის ბულვარში დარგონ ხეები.

ფესტივალის სამუშაო სივრცე სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’იქნება. ამ სივრცეში ჩატარდება პრესკონფერენციები, მასტერკლასები, პროფესიული დისკუსიები და საერთაშორისო სტუმრების შეხვედრები ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან.

ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.

სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

(R)

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!