დიდი ალბათობით, „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის ინიციატივა დაკავშირებულია ჩვენს აქტიურობასთან ანექსიის პროცესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
გიორგი შარაშიძის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე პროცესზე „ქართული ოცნების“ დუმილი „დანაშაულებრივი და მოღალატეობრივია”.
„დღეს ე.წ. არჩევნებია ე.წ. სამხრეთ ოსეთში და სიმბოლურია, რომ ჩორჩანას საქმეზეც მორიგი სასამართლო სხდომა დღევანდელ დღეს დაემთხვა. მოდით, ავხსნათ, რატომ არის ერთმანეთთან კავშირში. პირდაპირ კავშირშია იმიტომ, რომ კამბოლოვი არის „პრეზიდენტობის“ კანდიდატი - პუტინმა ფაქტობრივად თავისი წარმომადგენელი, კრემლის კადრი გააგზავნა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 9 მაისს დაიწყო ოფიციალურად, ჯერ ხელშეკრულება გააფორმეს, მერე დუმამ რატიფიცირება მოახდინა, მერე იყო კანდიდატის წარდგენა. 9 მაისის შემდეგ განსაკუთრებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქტიურობს ამ თემასთან დაკავშირებით, ყველა პლატფორმაზე, სადაც ხელი მიგვიწვდება. საქართველოში რომ მედიის და საზოგადოების ყურადღება იყოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე მიპყრობილი - ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რაც გუშინ დადასტურდა კიდეც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთმა დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, სოციალ-დემოკრატებმა მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს.
„ოცნებას“ საერთოდ ხმა არ ამოუღია და ჩვენ მათ დუმილს, საკმაოდ სამართლიანად, დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი დუმილი ვუწოდეთ. ამბობენ: „პირველი ეროვნული ხელისუფლება ვართო“, „პატრიოტული ხელისუფლება ვართო“ და სად არის ან ეროვნულობა ან პატრიოტიზმი მაშინ, როდესაც ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ღია ფორმალური ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს.
„ოცნება“, რომელმაც აირჩია დუმილი, აირჩია ბოდიშების მოხდა, საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას საკუთარ ტერიტორიაზე და იზოლაციაში აქცევს. ვინც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში უნდა დაგვეხმაროს, მტრად აცხადებს, ხოლო ვინც მთავარი მტერია, იმასთან კოლაბორაციაში იმყოფება. ეს თემა აკრძალვის თემასთან კავშირშია“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.