ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა - ჩვენ დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზეა უკრაინაში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარტიების ლიდერებთან და საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავის გამოსვლაში მაკრონმა ლაიფციგის აეროპორტში რუსეთის წარუმატებელი თავდასხმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადება ახსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა ჰიბრიდული დარტყმები განახორციელოს ევროპაში.
მაკრონის თქმით, ვითარება “სერიოზულია” და საფრანგეთი “ყურადღებითაა”.
“შეკავების მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაჩვენოთ, რას გავაკეთებთ. თუმცა, ეს უპასუხოდ არ დარჩება. და მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან შეცდომა იქნებოდა ევროპელების მიმართ ამ გზით მოქმედების გაგრძელება… ამის მიზანი ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრაა. შედეგი საპირისპირო იქნება. ჩვენ არ ვართ დაშინებულები, რადგან ვიცით, რომ ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში,” - განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო კვირებში “ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსული ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა” და მან მთავრობას სთხოვა მოამზადოს გეგმა “ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად რუსული ჰიბრიდული თავდასხმებისგან”.