ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, ეს არის ისტორიული საქმე, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება ორკესტრირებულად, ერთ ხმაში საუბრობს საოკუპაციო რეჟიმთან , - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ხვედელიანის თქმით, სეპარატისტებს მას შემდეგ გაუჩნდათ ჩორჩანას ტერიტორიაზე ამბიცია, რაც იქ საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.
„ჩვენი ადვოკატი ითხოვდა ივანიშვილის, კობახიძისა და სხვა მაღალჩინოსნების შეფასებების დართვას ამ კონკრეტულ საქმეზე იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ საქებარი სიტყვებით გამოსული „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებსაც როგორც კი დასჭირდათ, ეს გამოიყენეს და უკან წაიღეს თავიანთი სიტყვები.
რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ისევე მოიქცა, როგორც დღეს, მაშინ, როდესაც ამ სასამართლო პროცესის დახურვის საჭიროება არ არსებობდა, მან დახურა ეს პროცესი.
ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, ეს არის ისტორიული საქმე, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება ორკესტრირებულად, ერთ ხმაში საუბრობს საოკუპაციო რეჟიმთან. საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სასამართლო, საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ერთ ხმაში საოკუპაციო რეჟიმთან. საოკუპაციო რეჟიმი ამ გამოძიებას, მის მთლიან დოკუმენტაციას იყენებს ჩორჩანას საგუშაგოს აღების მოწოდებისთვის იმიტომ, რომ ყოველთვიურად იმართება IPRM-ის შეხვედრები, სადაც მათ აქვთ მოწოდება, რომ “მათი ტერიტორიიდან” აღებულ იქნას ჩორჩანას საგუშაგო, ეს კი დღის წესრიგში ამ გამოძიების შედეგად დადგა.
დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნებია. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ღია და დაუფარავი ანექსიური პროცესებისა, რომელიც 9 მაისის შემდეგ მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ის კანდიდატი, რომელიც ამ ე.წ. არჩევნებზე იყრის კენჭს და რომელიც ოკუპანტი რუსეთის მხრიდან არის მხარდაჭერილი, ჩორჩანას ტერიტორიის დაბრუნებას ჰპირდება და ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის საზღვრის გაქრობას აანონსებს. ეს არის ღია და დაუფარავი ანექსიური პროცესი, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კი ამ მიმართულებით არის ბოდიშის მოხდა, საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაბრალება, ჩვენი გმირების სახელების გაუფასურება და ყველაფერი ის, რაც ხდება”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.