აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა დანიასთან შეთანხმება გააფორმა, რომელიც შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში უსაფრთხოებაზე „მუდმივ კონტროლს“ ანიჭებს.
სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ აშშ „დაუყოვნებლივ დაიწყებს გრენლანდიის შესაბამის ნაწილში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფის პროცესს“.
„ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახდენილი ოცნება - უაღრესად მნიშვნელოვანი, ისტორიული და განსაკუთრებული მოვლენა“, - დაწერა ტრამპმა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ „მოუთმენლად ელის დანიისა და გრენლანდიის შესანიშნავ ხალხთან თანამშრომლობას, რათა ამ დიდი და უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიისთვის ბრწყინვალე მომავალი შევქმნათ".
"ჩვენ მას საიმედოდ დავიცავთ!“,- დასძენს ტრამპი.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია და გრენლანდია მომავალ კვირას აშშ-თან შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ, რაც არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ტრამპმა მანამდე არაერთხელ მოუწოდა დანიას, კუნძული აშშ-ისთვის მიეყიდა და არაერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. როგორც დანია, ისე გრენლანდია, მუდმივად აცხადებდნენ, რომ კუნძული არ იყიდება.