იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 13 ბავშვი მკურნალობს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„დღევანდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში რჩება 13 პაციენტი. მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს კლინიკური მდგომარეობის დინამიკაში შეფასება და მონიტორინგი“,- განაცხადა სოფიო ცერცვაძემ.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ასევე, ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.
„კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.