გერმანიაში, დედაქალაქ ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში რეგიონული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მთავარი კანდიდატები არიან მანუელა შვესიგი “სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან”, რომელიც ფედერალური მხარის მოქმედი პრემიერ-მინისტრია, ლეიფ-ერიკ ჰოლმი - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე (რომელსაც პარტია მთავრობის მეთაურად წარადგენს, მთავრობის ფორმირების შესაძლებლობის შემთხვევაში), დანიელ პეტერსი - “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი მხარის პარლამენტში და სიმონ ოლდენბურგი „მემარცხენეებიდან“, რომელიც მხარის განათლების მოქმედი მინისტრია.
გამოცემა წერს, რომ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში მთავარი დაპირისპირება მიმდინარეობს “სოციალ-დემოკრატებსა” (SPD) და ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შორის. გამოკითხვების თანახმად, AfD-ის მხარდაჭერა დაახლოებით 37%-ს შეადგენს, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” კი - 33%-ს.
„ვითარება სერიოზულია. AfD ზიანს მიაყენებს ჩვენს ეკონომიკასა და სოციალურ ერთიანობას. მათი უხეში რიტორიკა, სიძულვილი და შუღლის გაღვივება საზოგადოებას ხლეჩს; კვლავ იზრდება ძალადობისკენ მიდრეკილება, რაც განსაკუთრებით ჩვენზე, ქალებზე იქონიებს გავლენას“- განუცხადა შვესიგმა Deutsche Welle-ს.
ბერლინის არჩევნებში მონაწილეობას ჩვიდმეტი პარტია იღებს, მათ შორის — „მემარცხენე პარტია“, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” და „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
Deutsche Welle წერს, რომ საარჩევნო კამპანიაში ამ დრომდე დომინირებს დაპირისპირება ულტრა-მემარცხენე „მემარცხენე პარტიასა“ და კანცლერ ფრიდრიხ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ (CDU) შორის.
ბოლო კვირების გამოკითხვების თანახმად, ორივე პარტია თითქმის თანაბარ პოზიციებზეა. რაც შეეხება პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, გამოკითხვების თანახმად, ის მესამე ადგილზეა. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” მთავარი კანდიდატია შტეფან ევერსი მას შემდეგ, რაც მოქმედმა მერმა, კაი ვეგნერმა, კანდიდატურა მოხსნა. „მემარცხენე პარტიის” კანდიდატი კი ელიფ ერალპია.