ბათუმში ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მათ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. შეკრებილები აცხადებენ, რომ უხვი ნალექის გამო, სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოიშალა, მანამდე კი, სამუშაოებმა მეზობელ კორპუსში ბზარები გააჩინა. ამასთან, მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს საფეხმავლო ბილიკის სივრცე, რაც ცენტრალურ გზაზე ადგილზე მცხოვრებლებს გადაადგილებაში აფერხებს. ადგილობრივების თქმით, კორპუსის მშენებლობა ადამიანის უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ისინი დახმარებისა და რეაგირებისთვის ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს მიმართავენ.