ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026

სანდრო თვალჭრელიძე - "დიდი თურქობა" გადავიტანეთ, ირანის თავდასხმებიც და რუსეთსაც გადავიტანთ საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ”

საქართველოს საზღვარზე შეიძლება “კადიროველები” ჩადგნენ

ირაკლი მელაშვილი - “ივანიშვილმა დააკანონა სტანდარტი: რაც უფრო არარაობა ხარ, მით უკეთესი...”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - "დიდი თურქობა" გადავიტანეთ, ირანის თავდასხმებიც და რუსეთსაც გადავიტანთ საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ"

“როგორ შეიძლება ბავშვები ასე ბედის ანაბარად გვყავდნენ? ჩემი აზრით, უპირველესად საქმე გვაქვს ქართულ სიხარბესთან, - ეს შეეხება იმათ, ვინც ბაღებს ამარაგებს და იმათ, ვისაც ევალება ამ ყველაფრის გაკონტროლება. ჩემი აზრით, საჭიროა ძირფესვიანი გამოძიება და დამნაშავეების სამაგალითოდ დასჯა, რათა სხვას ხელი აღარ წაუცდეს. რაც შეეხება 21-ე საჯარო სკოლას, მე ექსპერტიზის დასკვნაში ვერ ჩავერევი, არ ვიცი, შენობა სახიფათოა თუ არა, მაგრამ როდის დამთავრდა სწავლა? მთელი ზაფხული სად იყვნენ? ადრე რატომ არ გააკეთეს ექსპერტიზა? ყველაფერი გაკეთდა არაპროფესიულად, არასწორად, დაუგეგმავად... გარდა ამისა, გაანაწილებენ ამ ბავშვებს სხვადასხვა სკოლაში და ამით ბავშვებს ძალიან სერიოზულ მორალურ ზიანს მიაყენებენ - სკოლა ძალიან ფაქიზი გარემოა, სადაც პიროვნულობა ყალიბდება, ამაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მეგობრობას, რომელსაც სკოლაში ეყრება საფუძველი და მერე მთელი ცხოვრება გრძელდება. თუ ჯანსაღი მომავალი თაობა გვინდა, ასე არ უნდა მოვექცეთ მათ ფსიქიკას”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ყველაფერი გაკეთდა არაპროფესიულად, არასწორად და დაუგეგმავად...”

“სუს-ის უფროსად დანიშვნისას, სულ ცოტა, 3-4 თვე მაინც არის საჭირო, რომ ადამიანი გაეცნოს ამ ურთულესი დაწესებულების სპეციფიკას, ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკა და ამასობაში უკვე გაშვებულია სამსახურიდან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში ქვეყნის უსაფრთხოებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ პირად უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. საბოლოოდ ერთი პირის უსაფრთხოებას ემსახურება ეს ყველაფერი. მას სჭირდება უსაფრთხოების მყარი გარანტიები და როცა კი ეჭვი უჩნდება, რომ ის ამ გარანტიებს ვერ იღებს, ის შერჩეული ადამიანები მისთვის პირადად უსაფრთხოები აღარ არიან, მარტივად წირავს... რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, მდინარაძე თავის კოლეგებთან შედარებით ერთი თავით ჭკვიანია, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტის განხილვა შეიძლება. ის, რომ პოლიტიკიდან წავიდა, თავის პირად უსაფრთხოებაზე ფიქრობდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სხვა თავგადასავლისთვისაც ემზადებოდეს... ერთი ნიშანდობლივი რამ მოხდა: ზუსტად იმ დღეს, როდესაც გავრცელდა ხმები მისი შინაპატიმრობის შესახებ, მას სახელმწიფო დაცვა გამოუყვეს. ეს ორი ინფორმაცია თხუთმეტი წუთის ინტერვალით გავრცელდა, რაც მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის რეალური მმართველის დამოკიდებულება მის მიმართ მკვეთრად განსხვავებულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“კორუფციულ სისტემაში “ოცნებამ" მაღალჩინოსნებს რაღაც ლიმიტი მისცა მოსაპარად, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ამ ლიმიტს არ იცავენ. ამიტომ მმართველისთვის მისი ყველა `ვეზირი~ მძევალია, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლია ციხეში ჩასვას, მათ შორის `პირველი მთავარი ვეზირიც~ და ყველაზე დაახლოებული ~ფაშაც~. მინისტრები, ალბათ, ყოველდღე გულის წამალს სვამენ, რადგან ეს პროფესია ძალიან სახიფათო გახდა. ამ სისტემაში არც ერთი ადამიანი დაცული არ არის. ეს სისტემა იმდენად მახინჯია, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენს გაისტუმრებენ გისოსებს მიღმა. თავის დროზე სააკაშვილმაც მხოლოდ შსს-ში მოახერხა ინსტიტუციური კორუფციის აღმოფხვრა, თუმცა სხვაგან კორუფცია მაინც ყვაოდა, რისი მაგალითიც დავით კეზერაშვილის ფენომენია... ყველაზე დრამატული კი ის არის, რომ სისტემის ერთბაშად ჩამონგრევა აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან ამან შესაძლოა სახელმწიფო ჩამოაქციოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, ჩემი შეფასებით, “ოცნებაში” დიდი შიდა წინააღმდეგობაა ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა თუ უნდოდა ივანიშვილს, ეს 2012 წელს უნდა გაეკეთებინა, ახლა ეს დაგვიანებულია. სარჩელი თვეებია საკონსტიტუციო სასამართლოში დევს და ახლა ხელახლა განაახლეს გიორგი გახარიას პარტიის დამატებით, რათა განხილვის ვადა გადაეწიათ. ვფიქრობ, თვითონ მოსამართლეებიც საგონებელში არიან ჩავარდნილი, ფიქრობენ, როგორ მოიქცნენ, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. დიდი იმედი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” ამაზე არ წავა. ცხადზე ცხადია, პუტინსა და მის დამქაშებს საბჭოთა იმპერიის აღორძინება სურთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. ეს გადაშლილი ფურცელია, უკვე წასულია მატარებელი, მაგრამ ცდები კვლავაც იქნება. მე ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად ვუყურებ. ბოლოს და ბოლოს, "დიდი თურქობა" გადავიტანეთ, ირანის თავდასხმებიც და რუსეთსაც გადავიტანთ საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ქართული ცნობიერება ენაზეც და სარწმუნოებაზეც უფრო მაღლა დგას. ალბათ, ამის თქმის გამო გამლანძღავენ, მაგრამ ქართველები ქართველებად რჩებოდნენ წარმართულ ეპოქაშიც და კომუნისტურ პერიოდშიც, როდესაც სარწმუნოება, ფაქტობრივად, აკრძალული იყო. თუმცა ქართველობა ვერ წაშალეს... ვინც არ უნდა ამზადონ, არაფერი გამოუვათ. გიორგაძესაც ამზადებდნენ აქ ხელისუფლებაში მოსასვლელად წლების განმავლობაში, მაგრამ კაცმა ერთხელ ჩამოსვლაც ვერ გაბედა. ამ რომანოვ-ფარცხალაძესაც ეგ ელის, ვერც ერთი დღით ვერ ჩამოვა საქართველოში. ეს ყველაფერი რუსეთის რაღაც ტაქტიკური ნაბიჯია, არავითარი სტრატეგია ამ პოლიტიკას არ გააჩნია... რაც შეეხება გოგა ჩახუნაშვილის გათავისუფლებას, მის შესახებ ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან ჩემი კლასელის უმცროსი ძმაა, რომელსაც ექვსი წლის ასაკიდან ვიცნობ. ის სამოცდათორმეტი წლისაა, ჩემზე ხუთი წლით უმცროსი, ძალიან მტკიცე ადამიანი. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ციხეში სვამს აკადემიკოს კაცს, საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, სამედიცინო აკადემიის წევრსა და `Eუროშციენცე საქართველოს~ თავმჯდომარეს! ეს იგივეა, თავის დროზე აინშტაინი ან ედისონი გაეშვათ ციხეში. ახლა ხელისუფლება ცდილობს “პირი მოიბანოს”, თუმცა გაურკვეველია, რას ფიქრობდნენ, როდესაც მას აკავებდნენ - მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა. მოსამართლეებს საერთოდ უნდა მოეხსნათ მისთვის ბრალი”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

საქართველოს საზღვარზე შეიძლება “კადიროველები” ჩადგნენ

რუსეთში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ცნობები შესაძლო ახალი მობილიზაციის შესახებ, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ მალევე გამოცხადდება. კრემლი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებს მოსალოდნელ მობილიზაციაზე. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით კი, კრემლი ამჯერად შეეცდება გასაწვევი ასაკის მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლა აღკვეთოს და ამ მიზნით საქართველოს საზღვარზე კადიროველთა დანაყოფების განლაგება იგეგმება. 2022 წლის შემოდგომაზე, სწორედ მოსალოდნელი მობილიზაციის გამო, განსაკუთრებით დიდი ნაკადი მიაწყდა საქართველოსა და ყაზახეთს. წელს ყაზახეთში უკვე დაიწყეს მზადება რუსეთიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადისათვის. რაც შეეხება საქართველოს, აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შესახებ, თუმცა ეს ნაწილობრივ ტურისტულ სეზონს დაუკავშირეს...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს საზღვარზე შეიძლება “კადიროველები” ჩადგნენ.

“ვრცელდებოდა ცნობები, რომ ერთ დღეში საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, შსს-მ ეს მონაცემები არ დაადასტურა... ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთი უკრაინასთან ომში ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტს განიცდის, თუმცა მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჯარში მასობრივი გაწვევა მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყოს. გამოცემა “მოსქოუ თაიმსის” ცნობით, ზაფხულიდან მოყოლებული რუსმა ოფიციალურმა პირებმა 18-ჯერ უარყვეს არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესაძლო გამოცხადება, თუმცა, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსეთის მოქალაქეებისათვის ეს უარყოფები ბოლომდე დამაჯერებელი არაა. 18 სექტემბერს “ბლუმბერგმა” მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ არჩევნების შემდგომ შესაძლო მობილიზაციის გამოცხადების საფრთხის გამო, რუს ჩინოვნიკებს აქტივები უცხოურ ბანკებში გადააქვთ, მეგობრებსა და ნათესავებს კი არწმუნებენ, რომ რუსეთი დატოვონ. ამავე ინფორმაციით, რუსი მაღალჩინოსნები და სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები იზიარებენ რუსეთის სხვა მოქალაქეების შეშფოთებას, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ შესაძლოა მობილიზაცია გამოცხადდეს”,- აღნიშნავს გამოცემა.

“აქვე აღსანიშნავია რომ 2026 წელს რუსეთში კადრების მასშტაბური შემცირებები მიმდინარეობს, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, რუსული კომპანიების დაახლოებით 25% გეგმავს, ან უკვე ახორციელებს შტატების ოპტიმიზაციას წლის ბოლომდე. “ბლუმბერგის” ინფორმაციით კი, რუსი ჩინოვნიკები “შიშობენ, რომ საჯარო სამსახურის გათავისუფლებული თანამშრომლები შესაძლოა ფრონტზე გაგზავნონ”. რუსმა სამხედრო მიმომხილველებმა და “ტელეგრამ” არხებმა ივლისში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იძულებითი გაწვევა შესაძლოა 1.2 მილიონი რუსს ეხებოდეს, რასაც შესაძლოა თან ახლდეს რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან ფარული შეთანხმებები, რომ ხელი შეუშალოს გაწვევის ასაკის მამაკაცებს გადასვლას მეზობელ სახელმწიფოებში ლტოლვილის სტატუსით. ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” აგვისტოს მონაცემებით, რუსი ჯარისკაცების საერთო დანაკარგებმა ზედიზედ მეორე თვეა 40 000-ს გადააჭარბა”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც “ფაინენშელ თაიმსი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის რეგიონებს დაავალა, რომ 2026 წლის ბოლომდე ომისთვის 409 000 კონტრაქტორი ჯარისკაცი გამოიძახონ. ამ გეგმის შესასრულებლად კი ხელისუფლება ადგილობრივ ჩინოვნიკებზე ზეწოლას აძლიერებს. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მობილიზაცია ყველა ვარიანტში გამოცხადდება და რუსეთის ხელისუფლება თავადვე შეეცდება, არ გაუშვან სამობილიზაციო ხალხი ქვეყნიდან - “ყველა ვარიანტში გამოცხადდება, ეჭვი არ მეპარება. უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რუსებს შეექმნათ სერიოზული პრობლემა - შეიძლება ლიმანის მიმართულებით დაახლოებით 20 000-კაციანი რუსული დაჯგუფება ალყაში აღმოჩნდეს”, - ამბობს მაისაია, რომლის შეფასებით, საქართველოში უკვე შედარებით გაიზარდა რუსი მოქალაქეების წილი”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვიცი ახლა რამხელა ნაკადს უნდა ველოდოთ, ალბათ, როგორიც პირველი მობილიზაციის პერიოდში იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსები თავად შეეცდებიან ჩაკეტონ საზღვრები. როგორც ვიცი, კადიროვის დაჯგუფება უკვე ემზადება სასაზღვრო პუნქტებში თავისი ქვედანაყოფების განსათავსებლად. ყაზახეთ-რუსეთის საზღვარი ძალიან დიდია, მისი გაკონტროლება ფაქტობრივად შეუძლებელია. ყაზახეთში უფრო მეტი რუსი ჩავა, ვიდრე საქართველოსა და სომხეთში. აზერბაიჯანი ძალიან მაგრად გადაკეტავს დაღესტანთან საზღვარს. არაა გამორიცხული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც შემოვიდნენ. რას იზამს საქართველოს ხელისუფლება, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, მე მივიღებდი ზომებს. რუსებმა ახალი ტექნოლოგია შემოიღეს, ისინი ელექტრონულად ახორციელებენ ბაზების მიხედვით გაფილტვრას, ანუ აეროპორტებიდან, რკინიგზიდან და ავტომობილებიდანაც კი ხდება სამობილიზაციო ხალხის მოხსნა. ისინი შეეცდებიან თავადვე არ გამოუშვან ეს ხალხი. მობილიზაციის პირველ და მეორე ეტაპზე 200-200 ათასს გაიწვევენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ირაკლი მელაშვილი - “ივანიშვილმა დააკანონა სტანდარტი: რაც უფრო არარაობა ხარ, მით უკეთესი...”

“ყოფილი ფავორიტები, რომლებიც თითქოს შეუცვლელები იყვნენ: ლილუაშვილი, ღარიბაშვილი თუ სხვები, დღეს სად არიან? ზოგი ციხეშია, ზოგი, კაცმა არ იცის, სად და მათი დაკარგვით მართვის სისტემას არაფერი დაჰკლებია. ავიღოთ თუნდაც მდინარაძე. მართალია, ის სხვებზე ოდნავ დიდი ფიგურა იყო, მაგრამ ერთი-ორი თვე რომ არ გამოჩნდეს, არც გაგვახსენდება. მის სახელთან ღირებული არაფერია დაკავშირებული. ერთი წკიპურტი და ლილუაშვილი 13 წლით ციხეში გაუშვეს - ვინმე შეწუხდა ამით? ზუსტად ასე, ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდება კობახიძის შემთხვევაშიც. ივანიშვილი კობახიძეს აკეთებინებს ყველა ბინძურ საქმეს. ის სწორედ ამიტომ არის შერჩეული - მისი ფსიქოტიპი ყველაფერზე წამსვლელია, ყველაზე დიდ სიბინძურესა და უტიფარ ტყუილზე ხელის მომწერია”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “რაკი ყველაფერს ხელს ვაჭერთ, ამასაც მივაჭირეთო...”

“ხომ ხედავთ, როგორ იტყუება და რა სასწაულ განცხადებებს აკეთებს, ირანს ორმხრივ სანქციებს არ დავუწესებთო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ასეთი სისულელე თქვა, გაგიჟდება კაცი. მერე გამოვიდა და არასამთავრობოებზე მეორე უარესი სისულელე თქვა. ტიპი იმასაც კი ვერ ხვდება, რას ემსახურება გრანტების სისტემა. მას ჰგონია - მონების შექმნას. წლების განმავლობაში თვითონ იმდენი გრანტი და ფული აქვს უცხოელებისგან მიღებული, ათი ირაკლი მელაშვილი არ ეყოფა მაგის დათვლას. სამოქალაქო სექტორი ყველა მეტ-ნაკლებად ჯანსაღ საზოგადოებაში არსებობს. საბჭოთა კავშირშიც კი ფორმალურად მაინც არსებობდა, რადგან ეს არის სხვადასხვა თემის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, რომელიც საქმეს წინ სწევს. შენ კი არ უნდა შექმნა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა, რომ სამოქალაქო სექტორი, თვითმმართველობა და თავისუფალი საზოგადოება განვითარდეს. კობახიძეს ჰგონია, თუ მთავრობიდან რამე ფინანსდება, ის აუცილებლად მთავრობის საკუთრება უნდა იყოს. კობახიძე რომ მოაშორონ, ბლაგვი დანებით დაკეპავს ზუსტად ის ხალხი, ვინც დღეს ტაშს უკრავს. ღარიბაშვილზე რასაც დღეს ამბობენ, მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რასაც კობახიძეზე იტყვიან, მათ შორის, მისი ოჯახის კორუფციულ გარიგებებზე, მიწებზე და ა.შ.”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“რა შეუშლის ხელს, რომ კობახიძეზეც გაჩნდეს კორუფციული ბრალდებები? როცა თავისუფალი სასამართლო არა გაქვს, საპროცესო გარიგება შეიძლება ნებისმიერი ბინძური გადაწყვეტილების ლეგიტიმურ საფუძვლად იქცეს. 1937 წელს ვიშინსკის პროკურატურაში მთელი რეპრესიული სისტემა აღიარებით ჩვენებებს ეყრდნობოდა. თავად ვიშინსკი წერდა, აღიარებითი ჩვენება სწრაფი მართლმსაჯულების საფუძველიაო. სწორედ ეს სისტემა შექმნეს “ნაციონალებმა”. სულ იმას ვამბობდი, ისეთი ჯანდაბა შექმნეს, რომელიც უკან მოუტრიალდებათ-მეთქი - ასეც მოხდა. ჩვენთან თანამდებობაზე ყოფნის მთავარი კრიტერიუმი პირადი ლოიალურობა და ნეპოტიზმია. სისტემა მიზანმიმართულად შლის პიროვნულობას და მხოლოდ უსიტყვო შემსრულებლებს აწინაურებს. პროფესიონალიზმი და ინსტიტუციური მეხსიერება არავის სჭირდება, ყველა ერთმანეთს უნდა ჰგავდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ძალოვან უწყებებსაც ერთადერთი ტრადიცია აქვთ - ფარული ჩაწერა და საძინებლებში ჭვრეტა. ერთი კლანის წასვლას მისი ხალხიც მიჰყვება. მაგალითად, გელაძესაც იმიტომ ვერ დატოვებდნენ, რომ “სხვისი კაცი” იყო. ახალდანიშნული უფროსის სახელიც პირველად გავიგეთ და ისიც ისეთივე უპროტესტო იქნება, როგორიც წინამორბედები. ამ მორჩილების საუკეთესო მაგალითია ლილუაშვილი, რომელმაც 13-წლიანი სასჯელი ისე მიიღო, ხმაც არ ამოუღია. ფაქტობრივად, სასაკლაოზე გაუშვეს და ახლა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს იმედზეა. უქმნიან კი ეს ადამიანები ივანიშვილს პრობლემას? არა. ძალოვან სისტემაში არ არსებობს პირი, ვისაც მისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. ივანიშვილისთვის ეს ყველაზე წარმატებული პოლიტიკა აღმოჩნდა. თუ დასაწყისში პრინციპულ ხალხთან უწევდა მუშაობა, ახლა ისეთებითაა გარშემორტყმული, ვინც უსიტყვოდ ემორჩილება. მან სრული კომფორტი შეიქმნა და დააკანონა სტანდარტი: რაც უფრო არარაობა ხარ, მით უკეთესი. არარაობა ხომ პრობლემას ვერ ქმნის - ერთს გადააგდებს, მეორეს მოიყვანს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე: - “ გასაგებია, რომ ეს სისტემა მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მისაღებია, მაგრამ ოდესმე ხომ მოჰბეზრდებათ? - “პასუხობს:

“ოდესმე კი, მაგრამ პროცესი ნელა მიდის, რადგან ალტერნატივა არ ჩანს".

"ხელისუფლება არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ მოსწონთ ან არ უყვართ. ცვლილება ხდებოდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ჩნდებოდა ახალი პოლიტიკური ძალა ან ლიდერი, რომელიც ხალხში იმედს აჩენდა. სანამ მოსახლეობა არ დაინახავს, რომ ვიღაცას, მხოლოდ ლანძღვა-გინების გარდა, საზოგადოებისთვის რაიმე პოზიტიურის შეთავაზება შეუძლია, ივანიშვილს არანაირი პრობლემა არ ემუქრება. მან საკუთარ პარტიაში ყველაფერი ისე მოაწყო, რომ პრობლემას ვეღარავინ შეუქმნის. იმავდროულად, ოპოზიციამაც თავად გაინეიტრალა საკუთარი თავი. ივანიშვილს პრობლემას ვერც საკუთარი პარტია უქმნის და ვერც ოპოზიცია. რაც შეეხება გარე რისკებს, დასავლეთი ყოველთვის ძალიან პრაგმატულია. რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ბიძინა ივანიშვილი, სხვა ალტერნატივა არ არის და საჭიროების შემთხვევაში მაინც დაელაპარაკებიან”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ