ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, ევროკავშირს სურს მეტი გააკეთოს და მაქსიმალურად ითანამშრომლოს კანადასთან.
კოშტამ POLITICO-ს განუცხადა, რომ ევროკავშირს ოტავასთან რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობის დამყარება სურს. კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „ასოცირებული წევრობა“, კოშტამ უპასუხა:
„ეს კონცეფცია, არსებითად, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს კანადასთან დაკავშირებით უფრო მეტი გავაკეთოთ და მაქსიმალურად ერთობლივად ვიმოქმედოთ“.
ამასთან, მისი თქმით, „არსებობს ერთი მცირე პრობლემა: გეოგრაფიულად ის [კანადა] არ არის ევროპული ქვეყანა და, შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა არ შეუძლია”.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროკავშირს კანადასთან ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებია.
“ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე - ხელოვნურ ინტელექტსა და კვანტურ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და ახალი ტექნოლოგიური გამოწვევების მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია მათთან ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის განმტკიცებაზე, რადგან თანამოაზრე და სანდო პარტნიორები ვართ“, - აღნიშნა კოშტამ.
მისი თქმით, 29-30 ოქტომბერს მონრეალში დაგეგმილი ევროკავშირი-კანადის სამიტი გადამწყვეტი მომენტი იქნება ოტავასთან სამომავლო ურთიერთობების განსაზღვრისთვის.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ინიციატივით, კანადა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს. POLITICO წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ განცხადებით გააოცა ბევრი ევროპული ქვეყნის მთავრობა და ისინი დღემდე ცდილობენ გაარკვიონ, თუ რას გულისხმობს ეს სტატუსი.
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ევროპასთან კავშირების გაძლიერებისკენ ისწრაფვის, რათა ქვეყნის აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო დავის ფონზე. გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას ახალი საბაჟო ტარიფები დაუწესა და არაერთხელ დაიმუქრა, რომ მას „51-ე შტატად“ აქცევს.