ის ფაქტი, რომ აშშ-ში ვიზიტი გაეროს ფორმატში არის მხოლოდ შესაძლებელი, უკვე პრობლემაა. გაეროს ფორმატში რაიმე ტიპის დიპლომატიურ გარღვევას ჩვენ არ უნდა ველოდოთ - რაც შეეხება [რატომ წავიდა წელს გაეროში ირაკლი კობახიძე და არა მიხეილ ყაველაშვილი, როგორც ეს შარშან მოხდა], ყაველაშვილს საერთაშორისო მიმართებით ახალი ფუნქცია აქვს გამოძებნილი, ის დაკავებული იქნება სამგლოვიარო დიპლომატიით, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შაიშმელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ სესიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას გამოეხმაურა.
შაიშმელაშვილის მოლოდინით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძეს დაახლოებით ისეთი სიტყვა ექნება, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ავტორიტარ მმართველს.
„ის ფაქტი, რომ აშშ-ში ვიზიტი გაეროს ფორმატში არის მხოლოდ შესაძლებელი ამ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, უკვე პრობლემაა, რომელიც მათ შექმნეს. მათ არ აქვთ პრაქტიკულად არანაირი მაღალი დონის დიალოგი და მეტიც, შეწყვეტილია სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია აშშ-სთან. ამ ყველაფერს ემატება ევროპის მიმართულებით განცდილი წარუმატებლობები. ამ ფონზე, გაეროს ამ ფორმატში რაიმე ტიპის დიპლომატიურ გარღვევას ჩვენ არ უნდა ველოდოთ. ამ შემთხვევაში, მგონია, რომ კობახიძე ამ ყველაფერს გამოიყენებს, რიგ სახელმწიფოებთან რაღაც ტიპის დიალოგისთვის, რომლებთანაც მათ ასე თუ ისე შენარჩუნებული აქვთ კონტაქტი. ასევე, ძალიან საინტერესო იქნება, რას იტყვის ის თავის სიტყვაში. აქამდე რასაც ვუყურებდით, დასავლეთშიც ის იმეორებდა იმ ანტიდასავლურ გზავნილებს, რომელსაც ჩვენ მიგვაჩვიეს საქართველოში. ჩემი დაკვირვებით, მას ექნება სიტყვა, დაახლოებით ისეთი, როგორიც შეიძლება ჰქონდეს აღმოსავლური სახელმწიფოს ავტორიტარს, სადაც ის ილაპარაკებს მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე და კიდევ ერთხელ დასდებს ბრალს დასავლურ გლობალურ წესრიგს იმ პრობლემებში, რომლებიც მსოფლიოს აქვს - ამ ტიპის ანტიდასავლურ სიტყვას ველოდები. არ მგონია და შეუძლებლად მიმაჩნია ამ რამდენიმე დღეში ურთიერთობების რაიმე გადატვირთვა მოხდეს რომელიმე ქვეყანასთან და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
რაც შეეხება ყაველაშვილს, საერთაშორისო მიმართებით მას ახალი ფუნქცია გამოძებნილი აქვს, ძირითადად ის დაკავებული იქნება სამგლოვიარო დიპლომატიით - როდესაც ის დადის სხვადასხვა ტიპის ცერემონიალებზე, რომელიმე ქვეყნის სასულიერო ან პოლიტიკური ლიდერის გარდაცვალებაზე“,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.
მან შიდაპოლიტიკური ვითარებაც შეაფასა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნაზეც ისაუბრა, ასე უპასუხა კითხვას: რატომ შეიძლება „ქართული ოცნება“ ამ პროცესთან მიმართებაში დროს წელავდეს“? შაიშმელაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილი პარტიების აკრძალვისთვის მზად არ არის.
„თუ გავითვალისწინებთ ამ ტაქტიკას - ყოველი ახალი პარტიის დამატებით 9 თვით გადაავადონ სასამართლო პროცესის დაწყება, ამ რიგში აუცილებლად მოუწევს „თავისუფლების მოედანსაც“ და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდგომი პარტია იყოს „მოედანი“. ეს არ არის ჩვენთვის რაღაც ტიპის მორალური დილემა იმის გამო, რომ გასაგებია - თუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიმართულებით მიდის „ქართული ოცნება“, მაშინ ერთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ნიშნავს სხვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასაც. რაც შეეხება ამ შემთხვევაში გახარიას პარტიის დამატებას, ხშირად „ოცნება“ ამ ტიპის სიგნალს უშვებს პარტნიორებთან და მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველთან, რომ ჩვენ რაღაც კონსტრუქციულობას ველით პოლიტიკური ოპონენტებისგან და ისინი რადგან არიან რადიკალები, მათთან ვერ ვთანამშრომლობთ და ამიტომ გვიწევს ამ რეპრესიული კანონმდებლობის მიღებაო, ხშირად ამით ხსნიან საკუთარ ქმედებებს. შეხედეთ „გახარია საქართველოსთვის“ ბოლოდროინდელ ქმედებებს და დავრწმუნდებით, რომ მეტი სტანდარტი კონსტრუქციულობის ამ ეტაპზე შეუძლებელია. ისინი შევიდნენ პარლამენტში, იღებდნენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას და ამის მიუხედავადაც კი დაამატეს ასაკრძალ პარტიათა სიაში. ამით „ოცნება“ გვეუბნება, რომ მისთვის კონსტრუქციულობა კი არ არის მთავარი, მისთვის მთავარია, რომ მას ჰყავდეს სატელიტები და არა ოპოზიციონერები, პარლამენტში იქნება ეს თუ პარლამენტს მიღმა.
მეორე მხრივ, რატომ წელავენ დროს - კი, ჩვენ ამ წუთას ვცხოვრობთ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში, მაგრამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ეს იქნება საბოლოო დახურვა ამ საკითხის, ავტორიტარიზმის საბოლოო ჩაცემენტება ამ ქვეყანაში, რომელსაც შესაბამისი რეაქციები ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. სწორედ ამის გამო ვერ ბედავს ამას „ოცნება“. ჯერ ერთი დავაკვირდეთ ასაკრძალი პარტიების სპექტრს, ესენი არიან მთავარი ოპოზიციური ელექტორატის გამხმოვანებელი პარტიები და ეს ადამიანები ამ ქვეყნიდან ვერ აორთქლდებიან. ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოს, მინიმუმ ორი გარემოება უნდა დალაგდეს დაახლოებით ასე, მას უნდა ჰქონდეს გარანტიები, რომ ეს ადამიანები, ვისაც ეს ოპოზიციური ძალები წარმოადგენდნენ, აკრძალვის შემთხვევაში იმ ტიპის ნიჰილიზმს მიეცემიან, რომ რადიკალური რევოლუციური ცვლილების სცენარი გამოირიცხება. რადგან როგორი ამბავია ხომ გესმით, უამრავი ადამიანი დარჩება საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების გამოხატვის გარეშე ყველაზე მშვიდობიანი გზით, როგორიც არის არჩევნები, იქ ვეღარ იპოვიან საკუთარ პოლიტიკურ ძალას. ასეთი ენერგიის ასეთ დაგროვებას, საბოლოოდ, მძიმე შედეგები მოაქვს ხოლმე მმართველი რეჟიმებისთვის. და მეორე, მას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მიუხედავად ასეთი ქცევისა, ის რაღაც ტიპის ურთიერთქმედების ფორმულაზე თანხმდება დასავლეთთანაც და რუსეთთანაც, რომ ის გადარჩება ამ ეკოსისტემაში როგორც ერთპიროვნული ავტორიტარი. ამ ტიპის გარანტიები უნდა მიიღოს დასავლეთისგან. მე მგონია, რომ არც ერთი ამ სცენარისთვის ივანიშვილი მზად არ არის და ამიტომ წელავს ამ ამბავს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების წინ კიდევ ერთხელ შემოიტანს ამ ამბავს და მგონია, რომ ყველაზე მძიმე სცენარი, რაც შეიძლება ჩვენ ამ საკონსტიტუციო სასამართლოს პერიპეტიებიდან მივიღოთ არის ის, რომ გაითამაშონ რაღაც ტიპის დემოკრატიობანა, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილოს სარჩელი და ის შეეხოს რომელიმე კონკრეტულ პარტიას და ამით ყველა დანარჩენს გაგვიჩინოს დილემა, რა ვქნათ შემდეგი მოქმედების სტრატეგია, როგორი შეიძლება იყოს“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.