საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ენდრიუ ლუმისს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ენდრიუ ლუმისმა შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
„შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მრავალწლიან ერთობლივ კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და სხვა პროგრამებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას, აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, პაატა პატიაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ენდრიუ ლუმისსა და დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და თავდაცვის სფეროში ორმხრივი კავშირების განმტკიცების პროცესში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.