დაზუსტებით ვიცი, რომ ქათამი, რომელიც საბავშვო ბაღებში მიიტანეს, აყროლებული და უვარგისი იყო. ცენტრალური უბნების ბაღებში პროდუქცია არ მიიღეს და როდესაც სააგენტოსთან ამყარებდნენ კომუნიკაციას, სააგენტო გასცემდა რეკომენდაციას, რომ ხორცი მიეღოთ და გაერეცხათ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ბაგა-ბაღის ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ფარულავა მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახა კალაძეს აკისრებს და აცხადებს, რომ ის, რაც ბაგა-ბაღებში მოხდა, ფაქტობრივად, ბიოტერორიზმია.
“ამ წუთებში საგამოძიებო ორგანოები საქმის ჩაფარცხვას აგრძელებენ, ვინაიდან, ყურადღება მომწოდებლებზე გადაიტანეს, ვინც საბავშვო ბაღებს აწვდის პროდუქციას, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა არც კახი კალაძისა და არც გურამ ოქროპირიძის, რომელიც საბავშვო ბაღებში არა მხოლოდ კვებაზეა პასუხისმგებელი, არამედ სათანადო პირობებზე. ის არის პასუხისმგებელი პირი, მის ხელში არის ფაქტობრივად 280 მილიონი ლარი, თბილისელების ფული, რომელიც ამ სისტემისთვის არის გამოყოფილი და აქედან 216 მილიონი იხარჯება კვების უზრუნველყოფაზე, თუმცა პრაქტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში ხდება, სწორედ ირაკლი კობახიძემ შეცვალა, რომელმაც შესყიდვის უფლება წაართვა სააგენტოს, დაუტოვა მხოლოდ კონტროლის უფლება და ეს შესყიდვა გადაეცა სააგენტოს, რომელიც ირაკლი კობახიძემ შექმნა.
კახი კალაძეს აქვს ძალიან მძიმე წარსული, მისმა უპასუხისმგებლობამ და დანაშაულებრივმა გულგრილობამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა დედაქალაქში. ყველას შევახსენებ, რა მოხდა წყნეთში, როდესაც სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და ღია სადენმა მოზარდის სიცოცხლე შეიწირა; მარიტა მეფარიშვილი მერიის უპასუხისმგებლობამ შეიწირა; რიყის დოქებთან მოზარდის სიცოცხლე შეიწირა იმ უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ, რომელზე ზედამხედველობის უფლებაც სწორედ თბილისის მერიას აქვს და არ დაგვავიწყდეს, რა მოხდა დეზერტირების ბაზართან, სადაც წლების განმავლობაში ადამიანი რეკავდა 112-ში და ამ საფრთხის შესახებ შეტყობინებას აგზავნიდა. არავინ დაინტერესდა და არავინ შეამოწმა, რომ სახურავი იყო გაბზარული, რომლის ჩამოვარდნამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს დანაშაულებრივი გულგრილობაა, რომლის უკანაც კახი კალაძისა და “ქართული ოცნების” კორუფციული ინტერესები დგას.
მე დაზუსტებით ვიცი, რომ ქათამი, რომელიც საბავშვო ბაღებში მიიტანეს, აყროლებული და უვარგისი იყო. ცენტრალური უბნების ბაღებში პროდუქცია არ მიიღეს და როდესაც სააგენტოსთან ამყარებდნენ კომუნიკაციას, სააგენტო გასცემდა რეკომენდაციას, რომ ეს ხორცი მიეღოთ და გაერეცხათ, რის შემდეგაც სუნი აღარ ექნებოდა. ეს ინფორმაცია ბაღის თანამშრომლებისგან და მშობლებისგან მაქვს.
ბაღების ნაწილმა ეს პროდუქცია მიიღო და ახლა მიდის ამის ჩაფარცხვა. რამდენი წელია, თბილისის მერიისა და პირადად კახი კალაძის უპასუხისმგებლობა გრძელდება, არ უნდა დადგეს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა? ეს, ფაქტობრივად, ბიოტერორიზმია, რასაც თბილისის მერია აკეთებს. 2-იდან 4 წლამდე ბაგა-ბაღის ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ და იმ ქვეყანაში ხდება ეს, სადაც დემოგრაფიული კატასტროფაა”, - განაცხადა ფარულავამ.