სასოწარკვეთილი პატიმრის წერილებია, რომელიც საერთოდ არაფერს გვეუბნება, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ახალ წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად „ფეისბუქ- გვერდზე“ გამოქვეყნდა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით „კარის თამაშები“ მიმდინარეობს.
„ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ შიგნით რაღაც კარის თამაშები მიმდინარეობს. ცდილობენ, რომ იქნებ თავი გადაირჩინონ. სასოწარკვეთილი პატიმრის წერილებია, რომელიც საერთოდ არაფერს გვეუბნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიციაშიც არის დაპირისპირება. იმდენად დასუსტებულია ოპოზიციური ველი, რომ ივანიშვილს დღეს ასეთი თამაშებისთვის სცალია, რისკსაც არ გაწევს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის თქმით, ღარიბაშვილისგან რაიმე სენსაციური განცხადების გაკეთებას არ ელოდება.
„არ მგონია, რომ ეს წერილი გარჩევის საფუძველი უნდა იყოს ან მასში ქვეტექსტები უნდა ვეძებოთ. წავიკითხე და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ვნახე. არც მაქვს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილის მიერ რამე სენსაციური იქნება ნათქვამი, რაც მნიშვნელოვნად გააშიშვლებს [ვითარებას] “, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უსამართლო მართლმსაჯულების მსხვერპლია იმიტომ, რომ მას პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო დევნიან.
„შემიძლია დავეთანხმო, რომ ის უსამართლო მართლმსაჯულების მსხვერპლია. არა იმიტომ, რომ ზოგადად უდანაშაულოა, არამედ მას იმიტომ დევნიან, რომ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა და არა იმიტომ, რომ რა დანაშაულებიც შეიძლება ჰქონდეს, როგორც თანამდებობის პირს, ჩადენილი. ამ წინააღმდეგობაში ჩვენთვის არაფერი არ იცვლება იმიტომ, რომ რეჟიმი თავის სახეს ინარჩუნებს. რეჟიმი, როგორც უსამართლო, რჩება, სასამართლო, როგორც უსამართლო, რჩება, პროკურატურა, როგორც უსამართლო,რჩება, არაფერი არ იცვლება, ჩვენთვის, თქვენთვის და რიგითი მოსახლეობისთვის. ეს არის რეჟიმის შიგნით მიმდინარე რაღაც გადაადგილებები. ივანიშვილი, როგორც ჩანს, თავის საჭადრაკო დაფაზე მოთამაშეებს ცვლის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.