საქართველოსა და ნაურუს(ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის თანახმად, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია.
"საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით საქართველოსა და ნაურუს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.
"მოხარული ვარ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგს.დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. ვიმედოვნებთ, მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.