ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ბლოკის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
“სანქციები რუსეთის ომზე ჩვენი რეაგირების მთავარი საყრდენია, რომლის მიზანიც მოსკოვისთვის დაფინანსების შეწყვეტაა”, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ევროკავშირის ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ, მალე დაასრულონ მოლაპარაკებები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვადის გაგრძელების თაობაზე და ეს პროცესი სწრაფად განახორციელონ.
„ჩვენ გვჭირდება ეს სტაბილურობა - რომ სანქციები ხანგრძლივი დროით შენარჩუნდეს”, - აღნიშნა კალასმა.
ევროკავშირი სანქციებთან დაკავშირებით მსჯელობას აგრძელებს. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ბლოკის „შავი სიიდან“ კონკრეტული პირების ამოღებას ცდილობს. ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ შეძლეს იმ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმება, რომელიც რუსი ოლიგარქების - ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანისთვის -სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მათი სიიდან ამოღების მცდელობას „მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს მოსკოვს არასწორ სიგნალს გაუგზავნის. ათასობით რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების საკითხზე ბრიუსელში მოლაპარაკებები გრძელდება. ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა დღეს შუაღამისას იწურება.