ლატვიის პრემიერის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სანქციების სიიდან ამოღება დაბლოკა

ლატვიის პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის განცხადებით, ლატვია მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას, თუმცა არ ეთანხმება გარიგებას, რომლის მიხედვითაც ამის სანაცვლოდ რუსი ოლიგარქები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი სანქციების სიიდან უნდა ამოიღონ.

“ლატვიამ მხარი არ დაუჭირა ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილების პროექტს. ვითარება რთულია. სანქციების ვადის გაგრძელება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. თუ დადგენილ ვადამდე შეთანხმება ვერ შედგება, საფრთხის ქვეშ დადგება სანქციების შენარჩუნება მთელი სიისთვის და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის. სანქციების ვადის 36 თვით გახანგრძლივება სწორი ნაბიჯი იქნება, თუმცა, ამის საფასური არ უნდა იყოს აღნიშნული ორი პირის სანქციების სიიდან ამოღება. ლატვია ასეთ წინადადებას ვერ მიიღებს”, - აცხადებს ლატვიის პრემიერი.

მისი თქმით, ლატვია გააგრძელებს მუშაობას ბრიუსელსა და პარიზთან ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავლის პოვნის მიზნით.

“საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟესთან ერთად, ვიმუშავებთ ბრიუსელსა და პარიზთან, რათა ვიპოვოთ ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავალი. ვეცდებით, მოვიპოვოთ ევროკავშირში მხარდაჭერა ლატვიის პოზიციისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალისთვის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოვიწვიე”, - აცხადებს ლატვიის პრემიერი. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი ომს აგრძელებს, ევროპის ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და არა კრემლისთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა