ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნიუ-იორკში შეხვდა.
„უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმები მილიონობით ოჯახს გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნის. საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება ზამთრის გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე მის მხარდასაჭერად „დიდი შვიდეულის“ ენერგეტიკული ჯგუფიც მობილიზებული იქნება. ჩვენ ვაძლიერებთ მის საჰაერო თავდაცვას რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით“, - წერს მაკრონი X-ზე.
მაკრონის ცნობით, უკრაინის მხარდაჭერის, ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისა და შავ ზღვაში თავდასხმებზე მორატორიუმის დაწესების საკითხები აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთანაც განიხილა.
„ეს იმ მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება, რომელიც უნდა განახლდეს და რომელიც სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მივიდეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.