„თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს, დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება

„თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს, დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. მისი განმარტებით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

„ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

„დღის განმავლობაში, ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება. სრული პროგრამა დეტალური აღწერილობით შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს