ტატა ხვედელიანი - ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა ჯერ არასდროს ყოფილა ასე ჩამოშლილი და დანგრეული, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ირაკლი კობახიძეს

ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა ჯერ არასდროს ყოფილა ასე ჩამოშლილი და დანგრეული, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ირაკლი კობახიძეს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია მოითხოვს, განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს იმ სკოლების სრული სია, სადაც სწავლის შეჩერებაა გადაწყვეტილი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით, დაუყოვნებლივ მოიძიოს ალტერნატიული ვარიანტები და წარმოადგინოს თითოეული სკოლისთვის სასწავლო პროცესის აღდგენის გეგმა.

ამასთან, „გახარია საქართველოსთვის“ მოითხოვს, პასუხისმგებელმა უწყებებმა საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდონ ინფორმაცია ბაღებში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ინტოქსიკაციის შესაძლო მიზეზების, შემოწმების შედეგების და შემთხვევის პრევენციისთვის ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

„სულ რაღაც ერთი კვირის წინ სასწავლო წლის დაწყება უნდა მიგველოცა ჩვენი ბავშვებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ განათლების სისტემაში სრული კოლაფსია.

მთავარი მიზეზი ირაკლი კობახიძის ე.წ. განათლების რეფორმაა, რომლის შედეგია სწავლის დაწყებიდან სამ დღეში სკოლების გარეშე დარჩენილი კიდევ 4000-მდე ბავშვი და 400-მდე მასწავლებელი, ასევე სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკებში შეყვანილი 100-ზე მეტი ბავშვი მოუტანა.

ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიკეტა თბილისის 21-ე, წყალტუბოს მე-2, სენაკის მე-3, ხაშურის მე-5, მე-7, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს, ქუთაისის მე-17 მისაქციელის, ველისციხის, გურჯაანისა და მარტვილის სკოლები.

ქაოსისა და განუკითხაობის რეჟიმში ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები იგებენ ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების დახურვის შესახებ.

მაშინ, როდესაც სკოლებისა და ბაღების ასაშენებელი ფული „ოცნების“ სისტემური კორუფციის გამოა გაფლანგული, ბავშვები დაპირებულ ახალ სასკოლო შენობებს წლებია ამაოდ ელიან და მეორე და მესამე ცვლაში განათლების მისაღებად ყოველდღე კილომეტრებს გადიან.

არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რომლებსაც არც ერთი ანგარიშვალდებული უწყება არ პასუხობს: თუ შენობები ბავშვებისთვის საშიში იყო რატომ დაიწყო იქ სწავლა? რას აკეთებდნენ პასუხისმგებელი პირები სასკოლო არდადეგების დროს, როდესაც ხდება დაწესებულების მომზადება მომდევნო სასწავლო წლისთვის? თუ რეაბილიტაციის აუცილებლობა დადგა, რატომ არ არის კრიზისული გეგმა, ალტერნატიული ვარიანტები და რატომ შეწყდა სწავლის პროცესი ბავშვებისთვის?

ბაღებში განვითარებულ მოვლენებზე - ბავშვების ჯანმრთელობასა და კვებით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არცერთი უწყება არ ასრულებს საკუთარ ფუნქციას და არ აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას მიზეზების, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ქვეყანაში ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა ჯერ არასდროს ყოფილა ასე ჩამოშლილი და დანგრეული, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ირაკლი კობახიძეს,“ - განაცხადა ხვედელიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს