პაპუაშვილმა გაგვცეს პასუხი, არმაზ ახვლედიანის სკოლაში რომ დადიოდა, მაშინ როგორ ვერ მოახერხა ამ სკოლამ მისთვის ტვინის გამორეცხვა?! ეგ ერთადერთი იყო ძალიან პრინციპული, რომლისთვისაც ტვინის გამორეცხვა ვერ მოახერხეს?! - ეს არის სოფისტიკა, რასაც ესენი აკეთებენ, თან უსინდისოდ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ჯეჯელავა აღნიშნავს, რომ მისთვის დამაჯერებელი ვერ იქნება, თუ რას დაადგენს საგამოძიებო ორგანო.
მან თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას და მის ხელმძღვანელ პოლიტიკოს არმაზ ახვლედიანს სოლიდარობა გამოუცხადა.
„საერთოდ, ევროკავშირის და ევროკავშირიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებებთან დაკავშირებით, კობახიძის და პაპუაშვილის დამოკიდებულებები ფანტასტიკის სფეროდან არის. ეს ადამიანები საკუთარ თავს და საკუთარ წარსულს უარყოფენ იმისთვის, რომ ახლა ეს პოლიტიკურ მდგომარეობას სჭირდება. ირაკლი კობახიძე, რომელსაც მთელი შეგნებული ცხოვრება არასამთავრობო ორგანიზაციებში აქვს გატარებული, ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილი იყო იმისთვის, რომ წინა საუკუნეში, უცხო ძალების ინტერვენცია მოეხდინათო. ჯერ იმაზე გაგვცეს პასუხი, თვითონ რომ იყო არასამთავრობოების ნაწილი, რომელი ქვეყნის და ძალის ინტერვენცია მოახდინა საქართველოში. ისევე როგორც პაპუაშვილმა გაგვცეს პასუხი, არმაზ ახვლედიანის სკოლაში რომ დადიოდა, მაშინ როგორ ვერ მოახერხა ამ სკოლამ მისთვის ტვინის გამორეცხვა?! ანუ, ეგ ერთადერთი იყო ძალიან პრინციპული, რომლისთვისაც ტვინის გამორეცხვა ვერ მოახერხეს?! ეს არის სოფისტიკა, რასაც ესენი აკეთებენ, თან უსინდისოდ. ეს ორი ახალგაზრდა კაცი ძალაუფლების გამო მიდიან საკუთარი თავის უარყოფაზე და ეს მთავრდება ძალიან ცუდად. მე არ მგონია, რომ ევროკავშირმა რამე კანონის დარღვევით გააკეთა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რას გამოიძიებს „ქართული ოცნების“ საგამოძიებო ორგანოები და მერე რას დაამტკიცებს სასამართლო, ჩემთვის დამაჯერებელი ვერ იქნება. ჩემთვის ეს აღიქმება ხელისუფლების მორიგ ზეწოლად ოპონენტზე,“ - განაცხადა ჯეჯელავამ
გარდა ამისა, მან გადაცემაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩანს, „ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაღაც ფორმით პოლიტიკაში შემოვიდეს“ და „ამისთვის გარკვეული სამზადისი გარეთაც არის“.
ჯეჯელავა არ გამორიცხავს, ირაკლი ღარიბაშვილს ციხის გარეთ გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა ჰქონდეს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილის „პოლიტიკური პლატფორმის“ წევრები შეიძლება იყვნენ ქვეყანაში არსებული პრორუსული ძალები, მათ შორის, „ალტ-ინფო“, ირმა ინაშვილი, ასევე, ე.წ. ერთგულები - „ქართული ოცნების“ ის ნაწილი, ვინც ორგანიზაციის სათავეში იდგა.
გარდა ამისა, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ტყუილია ღარიბაშვილის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილის გზით დადის. მისი თქმით, რეალურად, „ქართული ოცნება“ ქვეყნის სრული დეგრადირების გზას დაადგა.
„როდესაც შენ ასეთ გარიგებებში იღებ მონაწილეობას, უკვე დამნაშავე ხარ. ცალკე ბრალეულობის საკითხია, რომ ის სასამართლო საქმეში გარიგებაში შევიდა „ქართული ოცნების“ ჯგუფთან. ადამიანი, რომელიც საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად არ იბრძოლებს, რა პოლიტიკაზე მელაპარაკება?! საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად არ იბრძოლა და ეგ ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოლებს და მაგის იმედი უნდა გვქონდეს ოდესმე?!
ის ბოლო მომენტამდე მონაწილეობდა იმ მანკიერ და სრულიად მახინჯ სისტემაში, რომელსაც 14 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ქმნიდა. რას ნიშნავს, დანაშაული არ ჩამიდენია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სიყვარულით ჩავჯექი ციხეშიო? ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. როგორ შეიძლება ადამიანი ვიღაც პერსონის სიყვარულმა აიძულოს [ციხეში წავიდეს?!]. თუკი ის ამაზე წავიდა, რომ ივანიშვილის სიყვარულით თავის თავზე აიღო ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, წარმოგიდგენიათ ის რაზე მიდიოდა ივანიშვილის სიყვარულით სხვა ადამიანებთან მიმართებით?!
მე როგორც ვხედავ, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება რომ რაღაც ფორმით პოლიტიკაში შემოვიდეს. ვხედავ კონტურებს, რომ ამისთვის გარკვეული სამზადისი გარეთაც არის. რასაკვირველია, ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და რაც არ უნდა იყოს, ციხეში მჯდარი ადამიანის მიმართ გარკვეული ემპათია არსებობს. გარეთ რა მოძრაობებსაც ვხედავ მე და რა ძალები იწყებენ ხელისუფლებიდან გამიჯვნას, მე არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილს ჰქონდეს გარეთ გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა. ეს იქნებიან დავუშვათ, ქვეყანაში არსებული პრორუსული ძალები, მათ შორის, „ალტ-ინფო“, ირმა ინაშვილი, ასევე, ე.წ. ერთგულები - „ქართული ოცნების“ ის ნაწილი, ვინც ორგანიზაციის სათავეში იდგა,“ - განაცხადა ჯეჯელავამ.
კითხვაზე, ღარიბაშვილის ბოლო წერილში აღარ ახსენებს კობახიძე-მდინარაძის გვარებს, რაც შეიძლება თუ არა ნიშნავდეს იმას, რომ ყოფილი პრემიერი დაპირისპირებაში შედის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან, ჯეჯელავა პასუხობს, რომ ეს არის გარკვეულწილად გაფრთხილება.
„მე ვერ ვხედავ, რომ ამას შეიძლება დაპირისპირება დავარქვათ, მაგრამ ეს არის გარკვეულწილად გაფრთხილება, გზავნილი და ბუნებრივია, ორგზის პრემიერ-მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად და თავდაცვის მინისტრად ნამუშევარი ადამიანი არის დიდი ინფორმაციის მატარებელი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ამ ინფორმაციას ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებს, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციისთვის, რასაკვირველია, შეიძლება, გამოიყენოს. ბუნებრივია, რადგან ასეთი გზავნილებია, ივანიშვილმაც შესაბამისად უნდა აღიქვას,“ - განაცხადა ანალიტიკოსმა.
გარდა ამისა, ის გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე“ და განაცხადა, რომ ბრიუსელი გაწევრიანების სანაცვლოდ ოკუპირებული რეგიონების დათმობას არ ითხოვს.
„რასაკვირველია, ბრიუსელი არ ითხოვს იმას, რომ თქვენ აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დათმოთ გაწევრიანების სანაცვლოდო, მაგრამ ობიექტური რეალობა ასეთი გვაქვს - ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების არანაირი გეგმა არ წარმოუდგენია. მე კითხვა მაქვს პაპუაშვილთან - როდესაც 2016 წელს კონსტიტუციაში შეიტანეს 78-ე მუხლი, ანუ ევროინტეგრაციის აუცილებლობა, მაშინ დარწმუნებულები იყვნენ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების თანამიმდევრული და უტყუარი გეგმა ჰქონდათ?! ევროკავშირი რა შუაშია ვერ გავიგე?! ევროკავშირი ამზადებს ცხინვალის და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების ანექსიას?! პაპუაშვილს ოდნავ მაინც თუ დარჩა ლოგიკური აზროვნების უნარი, რანაირად ადანაშაულებს ევროკავშირს ამაში?!“ - განაცხადა ჯეჯელავამ.