განცხადებები და ეს სარჩელები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არც საკონსტიტუციო მართლმსაჯულება და ზოგადად, არც სასამართლო სისტემა არ არსებობს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ სარჩელის წარდგენის ერთადერთი მიზანი დროის გაწელვაა.
„ანტიქართულ ოცნებას“ აქვს აუცილებელი მიზანი ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ეს არის ქვეყანაში დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესის მოკვლა. შესაბამისად, მათი ინტერესი საკონსტიტუციო სარჩელთან მიმართებით სწორედ არის ის, რომ პარტიების გაუქმება მოითხოვონ. ამავდროულად, ის განცხადებები და ეს სარჩელები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არც საკონსტიტუციო მართლმსაჯულება და ზოგადადა არც სასამართლო სისტემა არ არსებობს.
პირდაპირ პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე გამოდიან და უკვეთენ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებას და ჰპირდებიან საზოგადოებას, რომ გააუქმებენ პარტიებს. პირდაპირ უკვეთენ და ამით დანაშაულს ჩადიან, მეორე მხრივ კი ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხის გაწელვით უკვე მესამედ გადადეს ეს საქმე და ცხრა თვით გადაიდო ამ საკითხის განხილვა.
ისინი ცდილობენ, დრო გაწელონ და ამ პერიოდში პოლიტიკური ვაჭრობა განახორციელონ ბიძინა ივანიშვილის სამომავლო გარანტიებთან დაკავშირებით. მხოლოდ ეს მიზანი აქვს ამ სარჩელების წარდგენას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.