კორუფცია ლახავს იმიჯს და არა პარტია - არ იქნებოდა კორუფციული ფაქტები და იმიჯის შელახვის არანაირი მოცემულობა არ დადგებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, ბუნებრივია, მას ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლია, მაგრამ ფაქტები სხვაა.
„მსჯავრდებულს შეუძლია ნებისმიერი შინაარსის განცხადება გააკეთოს, ვინ დაუშლის განცხადების გაკეთებას, მაგრამ მეორე არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც წარიმართა. სამართლებრივ პროცესში ნათლად ჩანს ის ფაქტები, რის გამოც მას კონკრეტული სასჯელი მიესაჯა.
არ შეიძლება გინდოდეს, რომ შენი პოლიტიკური ლიდერის იმიჯი შელახო, მაგრამ თუ არის კორუფცია, ეს კორუფცია ლახავს ამ იმიჯს და არა პარტია. არ იქნებოდა კორუფციული ფაქტები და იმიჯის შელახვის არანაირი მოცემულობა არ დადგებოდა,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი მისი პოლიტიკური განეიტრალება და რეპუტაციის განადგურება იყო.
ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით მოქმედებაში ადანაშაულებს და მიმართავს: "თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ".
ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ "სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით" სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფა მიაყენა და დასაცინი გახადა ქვეყანა შიგნით და გარეთ, რითაც საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.
"ჩემი დაჭერის მიზანი იყო რეპუტაციის დაზიანება და ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება - უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ - ბოროტებას ჩადიხართ, ფრთხილად იყავით," - წერს ღარიბაშვილი.