საქართველოს უნივერსიტეტში ავსტრიელი ეკონომისტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ფრიდრიხ ჰაიეკის, ერთ-ერთი ნაშრომის - „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, წიგნის ქართული თარგმანის ავტორმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა და პოლიტიკოსმა სანდრო რაქვიაშვილმა, ინტერაქციულ ფორმატში, ფრიდრიხ ჰაიეკის შემოქმედების მნიშვნელობასა და მის როლზე ისაუბრა XX საუკუნის ეკონომიკური აზრის განვითარებაში.
ფრიდრიხ ჰაიეკი თანამედროვე ეკონომიკური აზრის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად მიიჩნევა. იგი იყო ავსტრიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ლონდონის, ჩიკაგოსა და ფრაიბურგის უნივერსიტეტების პროფესორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი და 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში.
„გზა ბატონყმობისკენ“ ჰაიეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომია, რომელშიც ავტორი თავისუფლების, ეკონომიკური სისტემებისა და სახელმწიფოს როლის საკითხებს განიხილავს. წიგნი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცენტრალიზებული ეკონომიკური დაგეგმვისა და ინდივიდუალური თავისუფლების ურთიერთმიმართებას, ასევე იმ საფრთხეებს, რომლებიც, ავტორის მოსაზრებით, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების გადაჭარბებულმა ცენტრალიზაციამ შეიძლება შექმნას.
პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ნაშრომის ისტორიულ და თანამედროვე მნიშვნელობაზე, ასევე იმ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე, რომლებიც წიგნის გამოცემიდან ათწლეულების შემდეგაც აქტუალურ საკითხად რჩება.
„ჩვენი საზოგადოების ისტორიის ნაწილია ლიბერალიზმის ნათელი მაგალითი - ილია ჭავჭავაძე, რომლის მიდგომებიც სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ეკონომიკასაც, თანაბრად მიემართებოდა. ლიბერალური ეკონომიკის არსისა და, რაც მთავარია, მისი პრაქტიკული მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი სწორედ ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ არის. ვფიქრობ, ამ წიგნის ქართულად თარგმნით სტუდენტებს და არა მხოლოდ მათ, გავუმარტივებთ წვდომას ნაშრომზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, უფრო მკაფიოდ დაისვას საკითხი არსებული ეკონომიკური მოდელებისა და მიდგომების ვარგისიანობის შესახებ. საზოგადოების არჩევანი არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ მარტივ ან ერთმნიშვნელოვან პასუხებს - მნიშვნელოვანია, ეს არჩევანი ეფუძნებოდეს გააზრებულ და არგუმენტირებულ მსჯელობას,“ - აღნიშნავს სანდრო რაქვიაშვილი.
საქართველოს უნივერსიტეტი, საკუთარი გამომცემლობის ჩართულობით, აქტიურად ახორციელებს მნიშვნელოვანი აკადემიური და პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის პროექტებს. აღნიშნული საქმიანობა სტუდენტებსა და აკადემიურ საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო მნიშვნელობის ნაშრომებს ქართულ ენაზე გაეცნონ და მათი მეშვეობით სხვადასხვა დარგში მიმდინარე საკითხების შესახებ ცოდნა გაიღრმაონ.
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ ქართული გამოცემაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ხელი შეუწყოს ეკონომიკური და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ აკადემიურ დისკუსიას და მკითხველს მისცეს შესაძლებლობა, გაეცნოს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტის ნაშრომს ქართულ ენაზე.
(R)