თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდა მოწოდებით, მოხდეს გაეროს უშიშროების საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმირება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საბჭოს მუდმივი წევრებისთვის ვეტოს უფლების გაუქმებას უნდა ითვალისწინებდეს.
მისი თქმით, საერთაშორისო სისტემა უკეთ უნდა ასახავდეს თანამედროვე გლობალურ რეალობას.
ერდოღანის განცხადებით „ბოლო წლების ტრაგედიებმა“ აჩვენა, რომ გლობალური კრიზისების გადასაჭრელად უფლებამოსილების რამდენიმე დედაქალაქის ნებაზე დელეგირება თანამედროვე სამყაროს რეალობას აღარ შეესაბამება.
მან ხაზი გაუსვა, რომ გლობალური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები თანამედროვე პირობებს უნდა მოერგოს და აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო კვლავ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ სტრუქტურას ასახავს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ უცილებელია წარმომადგენლობის უფრო ეფექტიანი, “სამართლიანი და ანგარიშვალდებული სისტემის შექმნა” და გლობალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო ფართო ჩართულობის მოწოდებით გამოვიდა.
„აუცილებელია, რეფორმის საჭიროება კონკრეტულ სამოქმედო გეგმად გარდაიქმნას. ამ გეგმის ცენტრში ვეტოს უფლების გაუქმება უნდა მოექცეს”, - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, არცერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის უმრავლესობის ნების დაბლოკვის მუდმივი შესაძლებლობა.