„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ქართული უნივერსიტეტები მომავალში, რა როლი უნდა შეასრულონ ქვეყნის განვითარებაში და როგორ უნდა უპასუხონ თანამედროვე მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხილვა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ახალი რეგულაციების შეფასებით. უნივერსიტეტი ცოცხალი აკადემიური ორგანიზმია, რომლის განვითარებაც დაკავშირებულია ადამიანებთან - პროფესორებთან, მკვლევრებთან, სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ პერსონალთან და, შესაბამისად, ნებისმიერი სისტემური ცვლილების მთავარი საზომი საბოლოოდ უნდა იყოს ის, თუ რამდენად ქმნის ის უკეთეს პირობებს ცოდნის გადაცემისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და მისი თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სპეციალური მოწვევით - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და ამავე ასოციაციის გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ შეხვედრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ უნივერსიტეტები ცვლილებების ხარისხიანად, თანმიმდევრულად განხორციელებას. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რეფორმის პროცესში ერთმანეთთან ორგანულად იყოს დაკავშირებული განათლება, მეცნიერება და ინოვაცია. თანამედროვე მსოფლიოში უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობას მხოლოდ სტუდენტთა რაოდენობა ან საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობა აღარ განსაზღვრავს. უნივერსიტეტის წარმატებას სულ უფრო მეტად განაპირობებს მისი კვლევითი პოტენციალი, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ჩართულობა, ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა და ცოდნის კომერციალიზაციისა და ინოვაციურ პროდუქტად გარდაქმნის შესაძლებლობა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, ვუმასპინძლოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს, მინისტრის მოადგილეს ბატონ ზვიად გაბისონიას და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტს ჟოზეფ მ. გარელსა და გენერალურ მდივანს ამანდა კროუფუტს. მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული აკადემიური პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. ვფიქრობ, უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე ცვლილებები დროული და მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს, ამ მიმართულებით აღებული აქვთ სწორი და თანმიმდევრული გეზი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა განვიხილოთ უმაღლესი განათლების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ხარისხი არ არის მხოლოდ აკრედიტაციის პროცედურის ან კონკრეტული ინდიკატორების შესრულება. ხარისხი არის უნივერსიტეტის ყოველდღიური კულტურა - სწავლების ხარისხი, კვლევის დონე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო თანამშრომლობა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალი ცოდნის შექმნისა და მისი ტრანსფერის შესაძლებლობა. ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობა დღევანდელ კონფერენციაში სწორედ ამ შესაძლებლობას უსვამს ხაზს. ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება, ინსტიტუციური თანამშრომლობა, აკადემიური და სტუდენტური მობილობა, ერთობლივი კვლევები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები ის მიმართულებებია, რომლებიც ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის შემდგომ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და აკადემიური საზოგადოება ერთობლივად ვიმუშავებთ, შევძლებთ ისეთი უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს ახალგაზრდებს მისცემს თანამედროვე ცოდნის მიღების, კვლევისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, ხოლო ქვეყანას - კარგად მომზადებულ ახალგაზრდა სპეციალისტსა და მკვლევარს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა იცვლება დღეს, არამედ იმაზეც, თუ როგორი გვინდა იყოს ქართული უნივერსიტეტი ხვალ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხედვა რეალობად იქცეს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რომელმაც ყურადღება უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპზე, მის ძირითად მიმართულებებსა და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომ განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას მიესალმნენ და საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტმა ჟოზეპ მ. გარელმა და გენერალურმა მდივანმა ამანდა კროუფუტმა.
როგორც ჟოზეპ მ. გარელმა აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის გაძლიერებას. მისი თქმით, უნივერსიტეტების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევები მოითხოვს გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიური საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. EUA-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნივერსიტეტების ავტონომიას, ხარისხის უზრუნველყოფას, კვლევისა და სწავლების განვითარებას, ასევე ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ენიჭება. მისი თქმით, ასოციაცია მზად არის, საქართველოს უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების შემდგომი განვითარების პროცესში საკუთარი გამოცდილება და საერთაშორისო შესაძლებლობები გაუზიაროს.
ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე, მის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილის გამოსვლის შემდეგ, უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპისა და მის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.