კობახიძეს პაპუაშვილი გაუშვია ბრიუსელში და იქიდან ლანძღავს ევროპას. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ბრიუსელიდან თუ ბრიუსელს გალანძღავენ, უფრო გასაგები იქნება ბრიუსელისთვის, რაც ტრაგიკომედიაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მიღებას, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ახალს არაფერს ელოდება, რადგან „არანაირი სურვილი არ აქვს ირაკლი კობახიძეს, რომ აშშ-სთან ან ევროკავშირთან ურთიერთობები გადატვირთოს“.
„ახალს არაფერს ველოდები გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი სურვილი არ აქვს ირაკლი კობახიძეს, რომ აშშ-სთან ან ევროკავშირთან ურთიერთობები გადატვირთოს. პაპუაშვილი გაუშვია ბრიუსელში და იქიდან ლანძღავს ევროპას. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ბრიუსელიდან თუ ბრიუსელს გალანძღავენ, უფრო გასაგები იქნება ბრიუსელისთვის, რაც ტრაგიკომედიაა.
დღეს მოვისმინეთ კობახიძის ნალაპარაკები ოკუპაციაზე და გულწრფელად მაინტერესებს, რატომ ვერ ბედავენ რუსეთის ხსენებას, როდესაც ოკუპაციას ახსენებენ. ან რატომ არ ახსენებენ ოკუპაციასთან ერთად ანექსიის პროცესს ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც სულ ახლახან რუსეთმა დასვა მაღალჩინოსანი ე.წ. პრეზიდენტად. „ქართული ოცნება“ არ იმჩნევს ფაქტობრივი ანექსიის პროცესს და არ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს ხმამაღლა მხარდაჭერისთვის და არაფერს აკეთებს სუვერენიტეტისთვის.
ამავდროულად „ქართული ოცნება“ ქმნის ცრუ ნარატივებს, რომ თითქოს ახლა ევროკავშირში წევრობა ქვეყნის გამთლიანებას ხელს უშლის და ამას აბრალებს ოპოზიციის ნაწილს. ეს კიდევ ერთი შეტევაა ევროკავშირზე. მე არ ველოდები რამე გარღვევას, აქცენტები ისევ იქნება შუა დერეფანზე და იმაზე, რომ გეოგრაფიის კუთხით ალტერნატივა არ გვაქვს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.