რუსეთი მიზანმიმართულად უტევს უკრაინის საზღვაო დერეფანს, პორტებსა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურას, რათა ხელი შეუშალოს მარცვლეულის ექსპორტს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მოქმედ აღმასრულებელ დირექტორთან, კარლ სკაუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სიბიგას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, კერძოდ, რუსეთის თავდასხმები უკრაინის საზღვაო დერეფანზე.
“სასურსათო უსაფრთხოება არასდროს უნდა იქცეს რუსული აგრესიის მძევლად ან შანტაჟის იარაღად. რუსული დარტყმების შედეგები შავი ზღვის რეგიონის ფარგლებს გარეთაც იგრძნობა, ვინაიდან უკრაინა მსოფლიო ბაზრებს მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის მნიშვნელოვანი წილით ამარაგებს. ეს ექსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მილიონობით ადამიანისთვის”, - აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა, უკრაინის პორტების დაცვა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება “გადაუდებელი გლობალური პრიორიტეტებია”.