ჩორჩანას საქმე არის ძალიან კარგი ტესტი ამ ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივითა და ინტერესებით სამართლდება დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ედავებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ე.წ ჩორჩანას საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "ყველას მოუწევს პერსონალური პასუხისმგებლობა იმ უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით აქვთ ჩადენილი, გაცხადებული და გაკეთებული".
"წინა სხდომაზე სრულად დაიხურა პროცესი და ეს ეხებოდა არა მხოლოდ წინა სხდომას, არამედ მომდევნო სხდომებსაც, მათ შორის დღევანდელ სხდომასაც. მე არ ვიცი, რა ობიექტური დასაბუთება შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სხდომები არ იყოს საჯარო იმიტომ, რომ ამ ადამიანებს საჯარო რეჟიმში აქვთ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია და განსხვავებული ინფორმაციის მატარებლები, ბუნებრივია, ამ სასამართლო სხდომებზე ვერ იქნებიან.
ვნახოთ ვის მოიყვანენ მოწმეებს, წინასწარ არ გვეუბნებიან. მე არ მგონია, რომ ისეთი მოწმეები იყვნენ დღეს წარმოდგენილი, რომლებიც რაღაც საიდუმლო ინფორმაციას გააჟღერებენ ამ სასამართლო სხდომაზე, ამიტომ შეიძლება დავაყენოთ შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, გააჩნია მოწმეების ვინაობას.
ჩორჩანას საქმე არის ძალიან კარგი ტესტი ამ ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივითა და ინტერესებით სამართლდება დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ედავებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას. ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში მას მადლობას გადაუხდიდნენ ამისთვის. ეს არის პოლიტიკა, რომელიც აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას - დანაშაულებრივი დუმილის, დანაშაულებრივი მოქმედების, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ფაქტობრივად ანექსიური პროცესები მიდის ჩვენი ძირძველი კუთხის, ცხინვალის რეგიონის.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მოუწევს პერსონალური პასუხისმგებლობა იმ უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით აქვთ ჩადენილი, გაცხადებული და გაკეთებული. არ მგონია, რომ რაღაც სამართლიანობის მიღწევის იმედი შეიძლება არსებობდეს ამ მართლმსაჯულების სისტემაში, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად საქმე, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჩამოეკიდება „ოცნების“ ხელისუფლების თავზე და ის აუცილებლად მოიტანს კონკრეტული პირების პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს. იმიტომ, რომ ეს არ არის საქმე კონკრეტული პოლიტიკოსის წინააღმდეგ ან პოლიტიკური მართლმსაჯულება, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამაზიანებელი აქტი. ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა დაწეროს განაჩენი, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ ჟენევის დისკუსიებში თუ საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
მამუკა ბახტაძე ზუსტად ისეთივე მოწმე იყო, როგორი პრემიერ-მინისტრი იყო ამ ქვეყნის. ფაქტობრივად თქვა, რომ გადამდგარი იყო იმ პერიოდისთვის, არაფერს არ ითანხმებდა და ეს თქვა მხოლოდ მამუკა ბახტაძემ. ასევე მამუკა ბახტაძემ თავის ჩვენებაში, როგორც საჯარო ნაწილში აქვს ნათქვამი, თქვა, რომ შეფასებებს ვერ გააკეთებს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით.
შეუძლებელია ამ თანამდებობის პირებს ერთი დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო და მეორე თავდაცვის მინისტრი, რომელსაც უამრავი ოპერატიული უწყება ექვემდებარება, არ სცოდნოდათ ინფორმაცია, საოკუპაციო ხაზთან რომ იგეგმებოდა და აიგო საპოლიციო საგუშაგო. ეს იყო, რა თქმა უნდა, ცრუ ინფორმაცია, რომელიც მათ გამოძიებას მიაწოდეს, აუცილებლად, ნორმალურ პირობებში, ნორმალური მართლმსაჯულების პირობებში, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ეს არის ცრუმოწმეობა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, რომელსაც უამრავი ოპერატიული ინფორმაცია შემოსდის უწყებაში თავისი სხვადასხვა ქვეუწყებებიდან, ამბობს, რომ არ იცოდა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებულ ქვეყანაში, თავდაცვის მინისტრმა, რომ საპოლიციო საგუშაგო იყო აღმართული", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამსაოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.