აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი შეიწყალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკავშირმა რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს სანქციები მოუხსნა. “ეს ნაბიჯი, დიპლომატების შეფასებით, ბაქოს მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგი იყო”, - წერს Reuters-ი.
საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი ბაქოში 10-წლიან პატიმრობას იხდიდა მას შემდეგ, რაც მარტში ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს.
სამმა ევროპელმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა, რომ პარიზმა პირადად მიანიშნა, რომ ბაქო უსმანოვის სანქციების საქმეს საფრანგეთზე ზეწოლის მიზნით იყენებდა, აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის ორი მოქალაქის გამო.
Reuters-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ზეწოლის შესახებ ბრალდებებს „კატეგორიულად უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ბაქომ ღიად დაუჭირა მხარი უსმანოვის დასავლეთის სანქციების სიიდან ამოღებას, მაგრამ უარყო დასავლეთის გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა.
ფრანგული ყოველკვირეული გამოცემა Challenges-ის ინფორმაციით, მეორე დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე, ფრანგული წყლის მართვის კომპანია Saur-ის თანამშრომელი ანას დერაზია. დერაზს 2025 წელს კორუფციის ბრალდებით თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა. ის დღეს შეწყალებულთა შორის არ არის.