ჩორჩანასთან დაკავშირებით პროცესი დაჩქარდა - შემდეგი სხდომები ჩანიშნულია რამდენიმე დღის გამოტოვებით, რაც მიანიშნებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას მიმართ განაჩენის გამოტანა ეჩქარებათ,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ე.წ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეზე დიდი ალბათობით, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება.
“ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, დიდი ალბათობით, გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, გახდება იურიდიული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება. ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ძალიან მძიმე შედეგებს წარმოშობს.
ეს არის საკითხი, რომლითაც თამაში არ შეიძლება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდეგ რუსული საოკუპაციო რეჟიმი წაიღებს და ტერიტორიული პრეტენზიებისთვის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს როგორც ჟენევის საერთაშორისო ფორმატში, ისე საერთაშორისო სასამართლოებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.
მეორე ნაწილი, რაც შეიძლება ამ საქმის დაჩქარებას უკავშირდებოდეს, არის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კოორდინირებული შეტევაა ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერზე, ერთი მხრივ, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენებით და მეორე მხრივ, მისი პარტიის აკრძალვით. ეს უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება თავად „ოცნებისთვისაც“, რადგან ეს არის ბარიერი და წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც „ოცნებას“ უკან დაბრუნების, სიტუაციის ნორმალიზების შესაძლებლობა უბრალოდ არ ექნება”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მან ისაუბრა საქმეზე დღეს დაკითხულ ყოფილ მაღალჩინოსნებზეც.
“დღეს დაკითხეს ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი საერთოდ არ ყოფილა ის კურატორი მოადგილე, რომელიც საოკუპაციო საკითხებს კურირებდა. იმ პერიოდში კურატორი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი იყო. გრიგოლ ლილუაშვილი დაკითხულიც კი არ ჰყავთ ამ საქმეზე, არათუ სასამართლოში, არამედ გამოძიების ეტაპზეც კი. ეს შუამდგომლობა ჩვენ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე დავაყენეთ, თუმცა გამოძიებამ ამაზე უარი თქვა.
რაც შეეხება ტაბატაძის მოწმის სახით დაკითხვის ფაქტს, რეალურად ესეც პრობლემური საკითხია ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ტაბატაძე, იმ ავადსახსენებელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი იყო და მას პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან ერთი მხრივ ფაქტობრივად ბრალმდებელი იყო საგამოძიებო კომისიაში ამ საქმესთან დაკავშირებით და მერე, როგორც მოწმეს, თითქოს ჩვენება აქვს მიცემული. წარმოიდგინეთ, ადამიანი იძახის, მინისტრის კურატორი მოადგილე არ ვიყავიო და რაღაც შეფასებებს აკეთებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც არ გააჩნია. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ამ ადამიანებს რცხვენიათ ამ პროცესში მონაწილეობის. რცხვენიათ მარტივი მიზეზის გამო და ამის დასტურია ისიც, რომ ეს სასამართლო სხდომა დაიხურა. არანაირი საიდუმლო ინფორმაცია ამ სასამართლო სხდომებზე არ განიხილება, უბრალოდ ამ ადამიანებს რცხვენიათ საჯაროდ, რადგან ეს ჩანაწერი ინახება და ისტორიულად შეინახება და ადრე თუ გვიან ამ სხდომის ოქმებს სხვაც მოისმენს.
რაც შეეხება კახი კახიშვილს, იგი მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ. მან აღნიშნა, რომ მასთან წერილობითი დოკუმენტაცია ჩორჩანასთან დაკავშირებით არ შესულა, თუმცა დანარჩენი საკითხები არ გამოურიცხავს, შესაძლოა ზეპირი კომუნიკაცია ან სხვა ფორმატით კომუნიკაცია ყოფილიყო.
მესამე მოწმე იყო გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც გიორგი გახარიას რეკომენდაციით დაინიშნა გუბერნატორად შიდა ქართლში, იყო გორის და კასპის მაჟორიტარი, რომელიც გიორგი გახარიას ძალისხმევით გახდა მაჟორიტარობის კანდიდატი და შემდეგ დეპუტატი, ასევე იყო გიორგი გახარიას მოადგილე მის პოლიტიკურ გუნდში. ახლა გიორგი ხოჯევანიშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობაა. გიორგი ხოჯევანიშვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რაც ამ ჩვენების მიცემით აიღო, რადგან ეს არის ტვირთი, რომელიც არც ადამიანობაში, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდება. მე მას არ შევაფასებ, მას მთელი ცხოვრება მოუწევს ამ ტვირთის ტარება და არავის ვუსურვებ იმას, რაც დღეს გიორგი ხოჯევანიშვილმა გაიარა”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.